ნოიშვაინშტაინის სასახლე / Schloss Neuschwanstein |
აგვისტოს მიწურული იყო, ჩემი შვებულება ბოლო დღეებს ითვლიდა. გულდაწყვეტილი ვფიქრობდი, რომ ნოიშვაინშაინის სასახლის ნახვა წელსაც ვერ შევძელი. ზოგჯერ დრო არ მქონდა, ზოგჯერ ფინანსები . აკვიატებულმა აზრმა მთელი ღამე არ მომასვენა, რაღაც ჩამძახოდა: „ან ახლა ან არასოდეს.“
მიუნხენში გადაუღებლად წვიმდა, მთელი კვირის პროგნოზი წვიმიანი იყო. გაუცნობიერებლად, ავტომატურად ინტერნეტში შევედი და ფუსენის მიმართულებით მატარებლის ბილეთების ფასებს და წასვლა-წამოსვლის დროებს გადავხედე. გავიგე,რომ მატარებელი მიუნხენიდან პირდაპირ ფუსენის სადგურზე ჩავიდოდა, იქედან კი ავტობუსი უნდა მეპოვნა, რომელიც უშუალოდ შვანგაუში სასახლემდე ამიყვანდა. შემდეგ კი, ფეხით საკმაო მანძილზე უნდა მევლო, რადგან სასახლე მთებში მაღლობზეა და ავტობუსი იქამდე არ ადის.
უამინდობის გამო წასვლა არც ისე კარგ იდეად მიმაჩნდა, რადგან წვიმისას მთებში ნისლია,გარემო ნაცრისფერი და იმ ულამაზესი ხედების ნახვაც ვერ მოხერხდებოდა.
დილით ისევ სასახლზე ფიქრში გამეღვიძა. ავიღე ტელეფონი და მეგობარს დავურეკე. ვკითხე, ჰქონდა თუ არა სურვილი ჩემთან ერთად ფუსენში წამოსვლის. უამინდობის გამო ის თავს იკავებდა. ჩემი სურვილი ჩემზე ძლიერი იყო. მეგობარს დასარწმუნებლად „პეპი გრძელიწინდა“ გავახსენე . J
„-ახლა ხომ წვიმს, პეპი, - გაუკვირდა ტომის,
- წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?
-მე ვრწყავ, უპასუხა პეპიმ.
-მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს,და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?“
ხედი სასახლიდან |
ამგვარად დავიყოლიე. სასწრაფოდ სადგურზე გავიქეცი და მეორე დილისთვის პირველივე რეისის მატარებლის ბილეთები ავიღე. ასე სპონტანურად გავემგზავრეთ.
დილით იქ ჩასვლისას წვიმდა, მთებზე ნისლიც იყო. თუმცა, შუადღისას წვიმა შეწყდა, ცა მოიწმინდა და თეთრი ღრუბლები ალაგ- ალაგ დაპენტილი ბამბასავით აქეთ-იქეთ გაფანტა. ნილის ჩრდილებს შორის მომწვანო მთები გამოჩნდა.
ნელ-ნელა ფეხით მთებში ზევით და ზევით მივიწევდით. მიუახლოვდით თუ არა ნოიშვაინშტაინის სასახლეს დავრწმუნდით ჭეშმარიტებაში, რომ ეს სასახლე ბაიერნის მეფის ლუდვიგ II მიერ, მართლაც ცხადში შექმნილი ზღაპარია.
შესასვლელი ბილეთების რიგი გრძელი იყო, სადღაც ორი საათი ვიცადეთ, მაგრამ ამად ღირდა. სასახლეში გადაღების უფლება არ მოგვცეს. თუმცა , იქ არსებული რესტორნის კადრების დაფიქსირება, მაინც შევძელი.
სასახლეში შესასვლელი ბილეთები |
ნოიშვაინშაინის სასახლეში არსებული რესტორანი |
ხედი სასახლიდან |
შიგნით გასაოცარი ატმოსფეროა, დრო ჩერდება და XIX საუკუნის პერიოდში გვამოგზაურებს. სასახლის ოთახები, საიდუმლო გასასვლელები. უდედესი ხელოვნების , ფუფუნების და სიმდიდრის ნაზავია. მართალია, ნოიშვაინშაინის მშენებლობამ სახელმწიფო ხაზინა სეიროზულად დააზარალა, მაგრამ ლუდვიგ II ამ სასახლის სახით დედამიწაზე საკუთარი ხორცშესხმული „ოცნება“ დატოვა, რომელიც ბაიერნის საზღვრებს გასცდა და არაერთი ხელოვანის შთაგონების წყაროდ იქცა. ეს სასახლე ჩაიკოვსკის მუზა იყო "გედების ტბის" შექმნისთვის. ასევე, მისივე შთაგონებით დისნეის ზღაპრებიც შეიქმნა. მონარქმა დასრულებულ სასახლეში სიცოცხლის მხოლოდ ბოლო ორი წლის გატარება შეძლო.
ჰოენშვანგაუს სასახლე/ Schloss Hohenschwangau |
ხედი ჰოენშვანგაუს სასახლიდან |
ნოიშვაინშაინის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ჰოენშვანგაუს სასახლე, სადაც მეფე ლუდვიგ II გაიზარდა. ჰოენშვანგაუს ულამაზესი ბაღი აქვს, შადრევნებით, წყაროებით და საუცხოო მცენარეებით მორთული.
ჰოენშვანგაუს სასახლის ბაღი |
ფუსენი, სადაც ჯადოსნური სასახლე მდებარეობს , გერმანია- ავსტრიის საღვარზეა. მთებშია ჩაფლული და ულამაზესი ბუნებით, ხედებით გამოირჩევა.
თუკი იქ მოხვდებით, „მარიენბრუკეს“ ხიდზე აუცილებლად გადადით, ეს ხიდი ორ კლდეს შუაა მოქცეული, ქვევით კი წყალუხვი მთის მდინარე მიედინება. „მარიენბრუკედან“ მთელი ქალაქი მოსჩანს და სასახლის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მხარე სწორედ იქედან შეგიძლიათ დაინახოთ.
მარიენბრუკეს ხიდი /Marienbrücke |
ქალაქის ხედი მარიენბრუკედან |
სასახლის ხედი მაირიენბრუკედან |
ფუსენი შუასაუკუნეების გაცოცხლებული ისტორიაა თავისი არქიტექტურით, განსაკუთრებით, მომხიბვლელია უძველესი სახლები, სასტუმროები. ქალაქში ეტლში შებმული ცხენებითაც გადაადგილდებიან, რაც ტურისტებისთვის კიდევ უფრო ეგზოტიკურ გარმოს ქმნის.
ბაიერნის მეფეების მუზეუმი |
სასახლის და ქალაქის დასათვალიერებალად, ერთი დღე კმარა, მაგრამ სხვა, ფუსენში არსებული მუზეუმების სანახავად მეტი დრო და თანხებია საჭირო.
მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა პირველად ეს სილამაზე ტელევიზიით ვნახე. მამას ვკითხე, თუ სად იყო ეს ჯადოსნური ადგილი და მანაც ამიხსნა. მაშინ მჯეროდა, რომ ამ ზღაპრეთში ოდესღაც მოვხვდებოდი, ახლა კი იქ ვარ... ( 01.09.2017)
0 comments:
Post a Comment