Saturday, March 3, 2012



„გამოჩენილი კაცები იმით უფრო არიან შესანიშნავნი, რომ მათი არა თუ სიცოცხლე სიკვდილიც–კი სამოძღვრო და საგულისხმოა ქვეყნისათვის.,“ წერდა აკაკი წერეთელი
( აკაკი წერეთლის აფორიზმები და გამონათქვამები“,თბ., „თსუ“, 1990, გვ 26.) ეს კი რჩეულთა და ღირსეულთა ხვედრია, სწორედ ასეთი პიროვნება გახლდათ საეკლესიო და საერო მოღვაწე გაბრიელ ქიქოძე, ეპისკოპოსი იმერეთისა, რომელმაც თავის ცხოვრების უმეტესი წლები იმერეთში გაატარა.

გაბრიელ ქიქოძის ღვაწლის შესახებ არაერთი სამეცნიერო ლიტერეტურა არსებობს, ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ მას და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ ამ თვალსაჩინო პიროვნების ცხოვრების შესწავლის საქმეში. კერძოდ, შევისწავლეთ ქუთაისის სახელმწიფო არქივის # 24 ფონდი და გვეცანით ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ლეონიდე ჟვანიას პირად არქივს (რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით, მის შვილიშვილს ბაგრატის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ზინობ ჟვანიას).

 გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. გერასიმეს მამა მაქსიმე ქიქოძე ამავე სოფლის მღვდელი და გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის კარკის მოძღვარი იყო. დედა–დგებულაძის ქალი მარიამი ადრე გარდაცვლილა, ასე რომ შვილების აღზრდის მძიმე ტვირთი მაქსიმეს დაეკისრა.

1839 წელს გერასიმემ დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულირო სასწავლებელი, შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ თბილისის, შემდეგ ფსკოვისა და პეტრებურგის სასულიერო აკადემიაში. მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშეწედ, ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას, პატრალელურად თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვრთო რჯულის მასწავლებელი იყო. 1851 წელს გერასიმეს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

1856 წელა დიდი უბედურება დაატყდა თავს–მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე მარიამ ნიკოლოზის ასული ვლადიკინა და ხუთი შვილი. იმ წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა გაბრიელი.

1858 წელს იგი დაინიშნა დავით გარეჯის არქიმანდრიტად, რამდენიმე თვის შემდეგ გორის ეპისკოპოსად, ხოლო 1860 წლის 2 ივლისიდან გარდაცვალებამდე იმერეთის ეპისკოპოსი იყო(გაზ.“ქუთაისი“,1990 წ. 21 თებერვლი).

გაბრიელ ეპისკოპოსის ხანგრძლივი და მრავალმხრივი საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან განსაკუთრებით ნაყოფიერი ხანა იმერეთის ეპარქიაში მღვდელმსახურების წლები იყო.ამ პერიოდში იმერეთის ეპარქია, ფაქტობრივად, მთელს დასავლეთ საქართველოს აერთიანებდა. სხვადასხვა დროს, იგი მოიცავდა სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის, სვანეთსა და რაჭა–ლეჩხუმს. მისი ეპისკოპოსობისას მრავალი ეკლესია აშენდა იმერეთსი, ქუთაისის საკათედრო ტაძარი, წმინდა გიორგის და საფიჩხიის ამაღლების ეკლესიები, ასევე მის მიერ არის აგებული ეპისკოპოსის რეზიდენციები ქუთაისში, არქიელის გორაზე და გელათის მონასტერში (ავთანდილ ნიკოლეიშვილი,“გაბრიელ ეპისკოპოსი, თბ, „მერანი“, 1990, გვ.17).

 ჩვენ მიერ მოპოვებული ქუთაისის სახელმწიფო არქივში დაცული ცნობები გელათური რეზიდენციის შესახებ, რომელიც აგებულია მე–19 საუკუნის მიწურულში 1893–1895 წლებში ნათლად მოწმობს, თუ რა უდიდესი ორგანიზატორული ნიჭით გამოირჩეოდა იგი. წმინდა გაბრიელი უშუალო მონაწილეობას იღაბდა მათ აგებაში. უაღრესად საინტერესოა თვით  კონტრაქტის შინაარსი, სადაც დეტალურად აქვს აღნუსხული ხარჯები და თითოეული წვრილმანი, რაც მშენებლობისთვის იყო საჭირო( ქსა ფონდი # 24) საინტერესო ცნობა მოგვაწოდა ბაგრატის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზ ზინობ ჟვანიამ საკუთარი ბაბუის ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ლეონიდეს არქივიდან. ბაგრატის ტაძრის ეზოში გაბრიელ ქიქოძის რეზიდენცია იყო განლაგებული. ნანგრევებად ქცეული ბაგრატის ტაძრის ზარს იგი რუდუნებით ინახავდა და როცა გორაზე წმინდა გიორგის ტაძარი აიგო, გაბრიელ ეპისკოპოსმა ბაგრატის ზარი წმინდა გიორგის ჩააბარა, იმ იმედით, რომ მომავალში აღდგენილ ბაგრატს გადაეცემოდა. აღნიშნული ზარი დღემდე რეკდა წმინდა გიორგის ეკლესიის სამრელკლოზე, ამჟამად იგი გატეხილია და აღარ ფუნქციონირებს.

გაბრილეს მე–19 საუკუნის რთულ პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა, ეს ის ეპოქა იყო, როცა მეფის რუსეთი ატარებდა თვითმპყრობელურ პოლიტიკას. სწორედ, ამ დროს იგი გახლდათ საქართველოს ეროვნულ–განმანთავისეუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას განათლების დარგში, ასევე წინ აღუდგა იანოვსკი–ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრული განდევნა სკოლებიდან.

1890  წლის 21 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა წარუდგინა მოხსენება გაბრიელის საპატიო წევრად არჩევის თაობაზე. მასში ეწერა:“ გაბრილემა, ეპისკოპოსმა იმერეთისამ, ფრიად დიდი სამსახური გაუწია ხალხის განათლებას საქართველოში.’’

მ დროისათვის „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომერედ ილია ჭავჭავაძე ბრძანდებოდა და, ცხადია, გაბრიელის საპატიო წევრად არჩევას წინ ვერაფერი დააბრკოლებდა. ასეც მოხდა (ავთანდილ ნიკოლეიშვილი,“გაბრილელ ეპისკოპოსი, თბ. „მერანი“, 1990. გვ. 26).

ეპისკოპოსი  მუდმივად გრძნობდა საკუთარი ერის მაჯისცემას, როგორც ღირსეული შვილი ქვეყნისა და ამას საქმით ადასტურებდა.

აღსანიშნავია, მისი თავდადებული მიღვაწეობა ქართველი ხალხის ეროვნულ ღირსებათა დასაცავად. ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესო ცნობას გვაწვდის ივანე ზურაბიშვილი: 1888 წლის შემოდგომაზე საქართველოს სტუმრად ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მესამე. ქუთაისში ჩამობრძანებული ხელმწიფე ამალის თანხლებით სობორს ესტუმრა, სადაც გაბრიელს პარაკლისი უნდა გადაეხადა, როცა შევიდა ეკლესიაში და ამბიონისაკენ გაემართა ეპისკოპოსის ხმა მოესმა:“შესდექ რუსეთის ხელმწიფევ! ხელმწიფე შეყოყმანებული უნდოდა სვლა განეგრძო, მაგრამ უნებლიედ შედგა კარიბჭესთან, სადაც მოისმინა ეპისკოპოსის სიტყვები:“ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინშიო“– დაროგორც ასეთი, სახვა ყურადღებისა და სხვა ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობას მოითხოვს. ამ ნათქვამში ნათლად იგულისხმებოდა ეროვნული უკმაყოფილება და პირადი გულისტკივილი საკთარი ხალხისადმი, რომელმაც გუნება–განწყობილება გაუფუჭა ალექსანდრე მესამეს (ივანე ზურაბიშვილი, „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“, 1962წ.).

განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა გაბრიელი ხალხის სწავლა–განათლებისადმი. ეპისკოპოსი აქტიურად იყო გატაცებული არა მარტო საეკლესიო, არამედ ერისკაცული მოღვაწეობითაც. მჭიდრო კავშირი ჰქონდა სამოქალაქო და სასულიერო სასწავლებლებთან, ზრდიდა ახალ თაობებს. მისი თაოსნობით დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლა და მრავალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. 1890 წელს დააარსა ქუთაისის ქალთა სასწავლებელი, 1894 წელს კი სასულიერო სემინარია, რომელთა დაარსების გამო, მათ მეუფებას დიდი უსიამოვნება შეხვდა ამ სკოლის დაარსების მოწინააღმდეგეებისგან. გაბრიელის შემწეობიტა და დახმარებით მრავალმა ღარიბმა მოსწავლემ მიიღო განათლება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთაც. იგი დიდი სიყვარულით ექცეოდა საკუთარ მოსწავლეებს და მუდამ მათ გვერდით იდგა (ავთანდილ ნიკოლეიშვილი,“გაბრილელ ეპისკოპოსი, თბ. „მერანი“, 1990. )ამას
ადასტურებს 1884–85 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში მომხდარი ამბავი, რომელმაც ძლიერ ააღელვა ქართული საზოგადოება. უნიჭობის გამო პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, დათხოვნილი იყო 120 მოსწავლე, ყველა ქართველი, მაგრამ გაიარა ერთმა–ორმა თვემ და დათხოვნილ მოწაფეთა ამბავი მიყუჩდა, ყველას მიავიწყდა. გარდა ერთისა, რომლის მუდამ ჩაფიქრებული სახე და ნაღვლიანი თვალები მოწმობდნენ თავის სამწყსო ერისათვის მუდმივ სავსე ფიქრსა და დარდს. ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ეპისკოპოსი ნიკოლოზობას სწირავდა. საზეიმოდ გამოწყობილი იყვნენ მასწავლებელ–მოწაფენი. ეპისკოპოსმა მიმართა შეკრებილ საზოგადოებას:“დღეს თქვენ, ჩემო შვილებო და უფრო თქვენ, აღმზრდელნო და მასწავლებელნო! ზარმაცის, გაუგონარის, ცუდი ყოფა–ქცევის ბავშვების თავიდან მოშორება, დათხოვნა და ხელის დაბანა, ამაზე ადვილი რა იქნება, ამბობდა ეპისკოპოსი, მაგრამ ეს არ არის აღმზრდელის დანიშნულება. მას მეტი მოთმენა სჭირია, ვიდრე რაც გინდა სხვა ხელობის კაცს, და მეტი კიდევ  სიყვარული მათდამი, ვინც ხვალინდელ საზოგადოებას წარმოადგენენ. აღმზრდელს არა აქვს უფლება თქვას, რაც შემეძლო ვქენ და მეტი აღარ შემიძლიანო. დასაჯეთ, გაუჯავრდით, დატუქსეთ ზარმაცი და გაუგონარი და კიდევ უფრო შეეცადეთ სიყვარულით და მოთმინებით მიუგნოთ მისი ბუნების კეთილი მხარენი და მისი ნაკლოვანების მიზეზები.“ (ივანე ზურაბიშვილი, „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“, 1962წ.).

მართალი სიტყვის ოსტატს, არა მარტო სამშობლოში იცნობდნენ და აფასებდნენ, არამედ საზღვრებს გარეთაც. სახალხო სიყვარულისა და პოპულარობის დასტურად დავიმოწმებთ ივანე ზურაბიშვილის მოგონებას:

„ კიევის უნივერსიტეტში მსწავლებმა სერბ–ბულგარელმა სტუდენტებმა არაფერი იცოდნენ საქართველოზე, გარდა ერთისა, რომ ის იყო გაბრიელ ეპისკოპოსის სამშობლო, რომელიც შეუდარებელი მქადაგებელი იყო. მისი ქადაგებანი ნათარგმნია ბულგარულ ენაზე, აგრეთვე მოცემულია მისი ქადაგებანი ინგლისურად ბრიტანეთის საბიბლიო საზოგადოების მიერ.“

მის ფართო მეცნიერულ განსწავლულობასა და ერუდიციაზე მეტყველებს გახმაურებული ნაშრომი“ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელიც რუსულად დაიბეჭდა 1858 წელს. გასული საუკუნის 60–იან წლებში მთელი რუსეთის იმპერიაში, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიის ერთადერთ სახელმძღვანელოდ იყო მიჩნეული.  (ავთანდილ ნიკოლეიშვილი,“გაბრილელ ეპისკოპოსი, თბ. „მერანი“, 1990. ).
ნათქვამია:“რასაც დათეს, იმასვე მოიმკიო.“ ეპისკოპოსმა მართლაც, უდიდესი სიყვარული გააღვივა ქართველი ხალხის გულში და ამას ღირსეულადაც იმკიდა, კიდეც. ერის წინაშე განსაკუთრებულმა დამსახურებამ და უანგარო მოღვაწეობამ, დაბადა საზოგადოებაში განუყოფელი სიყვარული და მოწიწება.

1895 წელს გაბრიელს იმერეთის ეპისკოპოსად კურთხევის 35 წელი უსრულდებოდა. მაშინდელმა ინტელიგენციამ, ფართო სამზადისი გააჩაღა ამ თარიღის ღირსეული აღნიშვნისათვის. გაბრიელი იუბილესა და ზარ–ზეიმის წინააღმდეგი იყო, თავისი ღვაწლის მოკრძელებით შემფასებელი და თავმდაბალი. მისი ავადმყოფობის გამო იუბილე არ აღნიშნულა, მაგრამ მადლიერი მამულიშვილნი ღვაწლს უქებდნენ და უფასებდნენ. ილია ჭავჭავაძე წერილით ღრმა პატივისცემას უდასტურებდა და იუბილეს ულოცავდა მას. ასევე მისმა მოსწავლემ იაკობ გოგებაშვილმაც სიყვარულით აღსავსე წერილი მისწაერა საკუთარ მოძღვარსა და მასწავლებელს.
ამ დროიდან დიდხანს აღარ უცხოვრია. ავადმყოფობითა და წლებით დაუძლურბული 1896 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. მთელი მისი პირად ქონება, გარდაცვლილის სურვილით, უნდა გადასცემოდა ქვრივ–ობლებსა და ღარიბებს (ავთანდილ ნიკოლეიშვილი,“გაბრილელ ეპისკოპოსი, თბ. „მერანი“, 1990. ).

ქართველი ერის სიყვარული უფრო ნათლად დადასტურდა მისი გარდაცვალებისა და გასვენების დღეებში. უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისგან იყო შეკრული. გაბრიელის გარდაცვალების გამო ქუთათურები ღრმა მწუხარებას განიცდიდნენ. მიცვალებული ქუთაისის სობორში მიასვენეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ხალხის დენა არ შეჩერებულა. პირველი წირვა სობორში სწირა გურია სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა. მისმა წარმოთქმულმა მჭერმატყველურმა სიტყვამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე:“შენ ხარ პირველი მღვდელმთავარი ქართველთა, რომელმანცა ამ ჩვენს სამღვდელოებას, დროთაგან დაჩაგრულს შთაბერე სული ახალი მიეც აწინდელი ძალი სამოქალაქო ცხოვრებისა, ვითარცა მემკვიდრეობა ღირსთა მამათა და აღკვეთე იმის ცხოვრებისაგან ყოველივე, რაიცა შეადგენდა ღვარძლსა უსარგებლოსა... თითქმის 40 წელი შენ იყავი მოძღვარი უებრო იმერეთისა... შენ მეტი საქმე ჰქენ, მოძღვარო, შენ ხალხი აღზარდე, გიხაროდენ!“

ეპისკოპოსის გაბრიელის გასვენება და დაკრძალვა გელათში იყო დანიშნული. დიდი თოვლის გამო გადაადგილება ჭირდა, მაგრამ ხალხს გადაწყვეტილი ჰქონდა უკანასკნელ ადგილამდე მიეცილებინა თავისი საყვარელი ეპისკოპოსის კუბო. არ დარჩენილიყო საქართველოს არც ერთი კუთხე, რომ საგანგებო დელეგაცია არ გაეგზავნა. გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები ყველა მის გასვენებას ესწრებოდა (ივანე ზურაბიშვილი, „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“, 1962წ.).

არსებობს გადმოცემა, რომ ავადმყოფობის გამო, აკაკი წერეტელი და იაკობ გოგებაშვილი დასაფლავებაზე ვერ ჩავიდნენ, მაგრამ ისინი დეპეშით ღრმა მწუხარებას გამოხატავდნენ დიდი მღვდელმთავრის გარდაცვალებით შეწუხებულნი.
თბილისიდან კი სპეციალური დელეგაცია ჩაბრძანდა ილიას მეთაურობით. მან შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა:“საკმაოა კაცმა გაიხსენოს მარტო სახელი გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომ გულში მადლი ჩაეფინოს, ვითარცა მზის შუქი...თითოეული წამი მისის ცხოვრებისა –მოძღვრებაა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის.“

19–საუკუნის ორი დიდი ქართველი პირველად და უკანასკნელად შეხვდნენ ერთმანეთს, ერთი ცოცხალი, მეორე კი მარადისობის საიდუმლოებას ზიარებული (ივანე ზურაბიშვილი, „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“, 1962წ.).

გაბრიელ ქიქოძის სიტყვები:“ მცირეა, რომ უსამართლობა არ გიყვარს, არამედ სიმართლისათვის თავდადებულმა უნდა იბრძოლო“ მისივე ცხოვრების კრედო იყო–„სიტყვა დაბეჭდული საქმით.“

დამსახურებული ღვაწლისათვის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაბრიელ ქიქოძე წმინდანად შერაცხა. სწორედ ასეთი ღირსეული და დიდებული პიროვნება გახლდათ ეპისკოპოსი იმერეთისა, რომელიც ქართველებისთვის იყო, არის, და იქნება ადამიანის ზნეობრივი სრულყოფილების იდეალური მაგალითი.

ქეთევან ლებანიძე (2010 წლის საკონფერენციო ნაშრომი)