Saturday, February 12, 2011





'' და ასე ამბობს:" ფოთოლი ვარ მძლავრი მუხისა,
ადრე მოვმწიფდი და მომექცა ბედი უღირსად.''

(ლერმონტოვი)



  ბუნება მხატვარია, უდიდესი მხატვარი. ადამიანი ბედნიერია თუკი შეუძლია იმ მშვენიერი პეიზაჟების აღქმა, რომელიც ზოგჯერ ინდივიდის ცხოვრებასავით ცვალებადია. მაგრამ ყველა ასპექტში მომხიბვლელი.

განსაკუთრებით, გულშიჩამწვდომია ის დღეები, როცა, შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს. ნაცრისფერია ცის გუმბათი, პეიზაჟი გაყინული, მაგრამ მრავლისმთქმელი, ხეებს თითქოს განგებ შეურჩევია ის სამოსელი და სინონიმურად ერწყმის ცას.

 შემოდგომის ფოთლები, მოძველებული, გაყვითლებული ფურცლებივით მიმოფანტულა ირგვლივ, ეალერსებიან ძარღვებივით დამსკდარ, დაქსაქსულ დედამიწის ზედაპირს და საკუთარ გულისტკივილს გამოსთქვამენ. ერთი შეხედვით უწყინარი ფოთლები აუღწერელ განრისხებას გამოხატავენ: დაშრიალებენ, სისინებენ გამაყრუებლად, ნოსტალგიურად ეკვრიან გაშეშებულ ხეებს, ტოტსა და ტოტს შორის გაჩხერილი, თრთიან იმის შიშით,რომ ქარის დახმარებით ხეებზე აბობღებულნი, ისევ ძირს არ ჩამოცვივდნენ. ფანჯრის მინებზეც კი ეხეთქებიან და პროტესტს გამოთქვამენ, გამწარებულ ფერხულს უვლიან უკანასკნელი გაბრძოლებისას.

ატოტილი ტოტები ადამიანის მავედრებელი ხელებივით დაკრუნჩხულან და რაღაცას ღაღადებენ ღმერთს ან ცას, განშორება ეძნელებათ... ალბათ, მათაც აშინებთ სიახლეები, მაგრამ უწევთ შეგუება.

საბრალო ფოთლები, მოვა ზამთარი თეთრ სახვევს შემოაკრავს არე- მარეს, დამსკდარი დედამიწაც გაუმაძღრად შთანთქავს ფაფუკ მასას და თან ჩაიყოლებს გასაცოდავებულ ფოთლებს, აღარ დარჩება მათი ნაშთი, სახსენებელი, ისე წავლენ და გაჰქრებიან, თითქოს არც კი არსებულან.

მართლაც, რომ საოცარია ის დღეები, როცა შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს...