Monday, June 11, 2018



ნოიშვაინშტაინის სასახლე  /  Schloss Neuschwanstein


აგვისტოს მიწურული იყო, ჩემი შვებულება ბოლო დღეებს ითვლიდა. გულდაწყვეტილი ვფიქრობდი, რომ ნოიშვაინშაინის სასახლის ნახვა წელსაც ვერ შევძელი. ზოგჯერ დრო არ მქონდა, ზოგჯერ ფინანსები . აკვიატებულმა აზრმა მთელი ღამე არ მომასვენა, რაღაც ჩამძახოდა:  „ან ახლა ან არასოდეს.“ 





მიუნხენში გადაუღებლად წვიმდა, მთელი კვირის პროგნოზი წვიმიანი იყო. გაუცნობიერებლად, ავტომატურად ინტერნეტში შევედი და ფუსენის მიმართულებით მატარებლის ბილეთების ფასებს და წასვლა-წამოსვლის დროებს გადავხედე.  გავიგე,რომ მატარებელი მიუნხენიდან პირდაპირ ფუსენის სადგურზე ჩავიდოდა, იქედან კი ავტობუსი უნდა მეპოვნა, რომელიც უშუალოდ შვანგაუში სასახლემდე ამიყვანდა. შემდეგ კი, ფეხით საკმაო მანძილზე უნდა  მევლო, რადგან სასახლე მთებში მაღლობზეა და ავტობუსი იქამდე არ ადის.



უამინდობის გამო წასვლა არც ისე კარგ იდეად მიმაჩნდა, რადგან წვიმისას მთებში ნისლია,გარემო ნაცრისფერი და იმ ულამაზესი ხედების  ნახვაც ვერ მოხერხდებოდა.

დილით ისევ სასახლზე ფიქრში გამეღვიძა. ავიღე ტელეფონი და მეგობარს დავურეკე. ვკითხე, ჰქონდა თუ არა სურვილი ჩემთან ერთად ფუსენში წამოსვლის. უამინდობის გამო ის თავს იკავებდა. ჩემი სურვილი ჩემზე ძლიერი იყო. მეგობარს დასარწმუნებლად „პეპი გრძელიწინდა“ გავახსენე . J




-ახლა ხომ წვიმსპეპი, - გაუკვირდა ტომის,
წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?
-მე ვრწყავ, უპასუხა პეპიმ.
 -მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაშიდილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს,და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?






ხედი სასახლიდან 

ამგვარად დავიყოლიე. სასწრაფოდ სადგურზე გავიქეცი და მეორე დილისთვის პირველივე რეისის მატარებლის ბილეთები ავიღე. ასე სპონტანურად გავემგზავრეთ.


დილით იქ ჩასვლისას წვიმდა, მთებზე ნისლიც იყო. თუმცა, შუადღისას წვიმა შეწყდა, ცა მოიწმინდა და თეთრი ღრუბლები ალაგ- ალაგ დაპენტილი ბამბასავით  აქეთ-იქეთ გაფანტა.  ნილის ჩრდილებს შორის მომწვანო მთები გამოჩნდა.


ნელ-ნელა ფეხით მთებში ზევით და ზევით მივიწევდით. მიუახლოვდით თუ არა ნოიშვაინშტაინის სასახლეს დავრწმუნდით ჭეშმარიტებაში, რომ ეს სასახლე ბაიერნის მეფის ლუდვიგ II მიერ, მართლაც ცხადში შექმნილი ზღაპარია.


შესასვლელი ბილეთების რიგი გრძელი იყო, სადღაც ორი საათი ვიცადეთ, მაგრამ ამად ღირდა. სასახლეში  გადაღების უფლება არ მოგვცეს. თუმცა , იქ  არსებული რესტორნის კადრების დაფიქსირება, მაინც შევძელი. 


სასახლეში შესასვლელი ბილეთები
ნოიშვაინშაინის სასახლეში არსებული რესტორანი 

ხედი სასახლიდან


შიგნით გასაოცარი ატმოსფეროა, დრო ჩერდება და XIX საუკუნის პერიოდში გვამოგზაურებს. სასახლის ოთახები, საიდუმლო გასასვლელები. უდედესი ხელოვნების , ფუფუნების და სიმდიდრის ნაზავია.  მართალია, ნოიშვაინშაინის  მშენებლობამ  სახელმწიფო ხაზინა სეიროზულად დააზარალა, მაგრამ ლუდვიგ II  ამ სასახლის სახით დედამიწაზე საკუთარი ხორცშესხმული „ოცნება“ დატოვა, რომელიც ბაიერნის საზღვრებს გასცდა და არაერთი ხელოვანის შთაგონების წყაროდ იქცა. ეს სასახლე  ჩაიკოვსკის მუზა იყო "გედების ტბის" შექმნისთვის. ასევე, მისივე შთაგონებით  დისნეის ზღაპრებიც შეიქმნა. მონარქმა დასრულებულ სასახლეში სიცოცხლის მხოლოდ ბოლო ორი წლის გატარება შეძლო. 

ჰოენშვანგაუს სასახლე/ Schloss Hohenschwangau

ხედი ჰოენშვანგაუს სასახლიდან 



ნოიშვაინშაინის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ჰოენშვანგაუს სასახლე, სადაც მეფე ლუდვიგ II  გაიზარდა. ჰოენშვანგაუს ულამაზესი ბაღი აქვს, შადრევნებით, წყაროებით და საუცხოო მცენარეებით მორთული.






ჰოენშვანგაუს სასახლის ბაღი



ფუსენი, სადაც ჯადოსნური სასახლე მდებარეობს , გერმანია- ავსტრიის საღვარზეა. მთებშია ჩაფლული და  ულამაზესი ბუნებით,  ხედებით გამოირჩევა. 



თუკი იქ მოხვდებით, „მარიენბრუკეს“ ხიდზე აუცილებლად გადადით, ეს ხიდი ორ კლდეს შუაა მოქცეული, ქვევით კი წყალუხვი მთის მდინარე მიედინება.  „მარიენბრუკედან“ მთელი ქალაქი მოსჩანს და სასახლის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მხარე სწორედ იქედან შეგიძლიათ დაინახოთ.

მარიენბრუკეს ხიდი /Marienbrücke

ქალაქის ხედი მარიენბრუკედან
სასახლის ხედი მაირიენბრუკედან


 ფუსენი  შუასაუკუნეების გაცოცხლებული ისტორიაა თავისი არქიტექტურით, განსაკუთრებით, მომხიბვლელია უძველესი სახლები, სასტუმროები. ქალაქში ეტლში შებმული ცხენებითაც გადაადგილდებიან, რაც ტურისტებისთვის კიდევ უფრო ეგზოტიკურ გარმოს ქმნის.


ბაიერნის მეფეების მუზეუმი



სასახლის და ქალაქის დასათვალიერებალად,  ერთი დღე კმარა, მაგრამ სხვა,  ფუსენში არსებული მუზეუმების სანახავად მეტი დრო და თანხებია საჭირო.



მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა პირველად ეს სილამაზე ტელევიზიით ვნახე. მამას ვკითხე, თუ სად იყო ეს  ჯადოსნური ადგილი და მანაც ამიხსნა. მაშინ მჯეროდა, რომ ამ ზღაპრეთში ოდესღაც მოვხვდებოდი, ახლა კი იქ ვარ...  ( 01.09.2017) 


კითხვის გაგრძელება →

Friday, June 8, 2018


მიყვარს სპონტანური გადაწყვეტილებები, ცხოვრებას ჩარჩოში ისედაც ვერ მოვაქცევთ. ხშირად ვამბობ ხოლმე, ყველაფერს ვერ დაგეგმავ და ზოგადად ვთვლი, რომ ცხოვრებაში ადამიანებს ძალიან ცოტა გეგმა გვაქვს . მიზერულია ის, რაც ჩვენი სიის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ.

ბერლინის კათედრალი/ Berliner Dom
ჩემი გრაფიკიდან და სხვა რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, იმის ფუფუნება არ მქონია , რომ დაგეგმილად სადმე მემოგზაურა, თუმცა  მოულოდნელმა გადაწყვეტილებებმა უფრო მეტი თავგადასავლი და სასიამოვნო მოგონებები  განმაცდევინეს.

 ჰოდა, აი ასე მე და ჩემს მეგობარს  სიიაფის გამო, რამდენიმე თვით ადრე ბერლინისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთები სპონტანურად შემოგვეყიდა. სასტუმროს დაჯავშნაზე ან ფასებზე იმ წუთებში არ გვიფიქრია, უბრალოდ გვჯეროდა , რომ რამეს ვიპოვნიდით.    

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია  მიუნხენიდან ავსტრიაში სულ რაღაც ორ საათ ნახევარში გადახვალ, მაგრამ დედაქალაქში ანუ ბერლინში  მატარებლით თერთმეტი საათი უნდა იმგზავრო. სულ ახლახანს  ახალი ხაზი გაიყვანეს და ჩქაროსნული მატარებელი დანიშნეს, რომელიც 6 საათში ჩადის, მაგრამ იმ დროს, როცა ჩვენ მივდიოდით ეს ფიზიკურად შეუძლებელი გახლდათ.


ბერლინის ცენტრალური სადგური
მომქანცველი მგზავრობა იყო, გვეგონა, რომ არასოდეს დასრულდებოდა, მაგრამ ბერლინში მთავარ სადგურზე ჩასვლისას დაღლილობა დაგვავიწყდა.

სასტუმრო ბევრი არ გვიძებნია, მოკლედ, რომ ვთქვათ გაგვიმართლა. ჩემი მეგობრის მეგობარს დრო ჰქონდა და გვიმასპინძლა.

ყველა ქალაქს თავისებური სული აქვს, მე ამის მჯერა, ისევე როგორც ადამიანს და როცა მას ეცნობი გრძნობ  ის როგორია. ბერლინი არის ქალაქი, სადაც ყველაზე მეტად თავისუფლების განცდა გაქვს. ხელოვნება, არაორდინალურობა, კრეატივი არსად ამ დოზით არ მიგრძვნია. ჩაცმის სტილში, მუზეუმებში, ქუჩის მხატვრობაში, კაფე-ბარებში და საერთოდ ყველა სფეროში . მე თუ მკითხავთ ბერლინს რას დავარქმევდი გეტყოდით: "ხელოვანების ქალაქს. "


მთავარი სადგურის შემდეგ ბერლინის მეტრო იყო.  



იქაური მერტო, ნამდვილი ანტიკვარია, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მატარებლის ვაგონების სიძველეს ვგულისხმობ, რასაც თავისი ხიბლი აქვს.  შთამბეჭდავია მეტროს გაჩერება „Potsdamer Platz" -ი.  იქ ცოცხლდება ბერლინის ისტორია, ომისდროინდელ  კადრებს ნახავთ, ასევე სიმბოლურად ნამდვილი ბერლინის კედლის ერთ-ერთ ნაწილს, სადაც ფოტოების გადაღების გამო ტურისტების რიგი დგას . 
პირველად ბრანდერბურგის კარიბჭეს ვეწვიეთ, რაც ბერლინის სიმბოლოა. 


ბრანდერბურგის კარიბჭე/ Branderburger Tor
ვნახეთ, რაიხსტაგი, გერმანიის პარლამენტის შენობა, რომლის აღდგენილი ნაწილიც, მინის და სარკის კონსტრუქციისგან შედგება და მართლაც, ულამაზესი ნაგებობაა.  ამ შენობიდან ბერლინის საუცხოო ხედები იშლება. 


რაიხსტაგი/ Reichstag
რაიხსტაგის აღდგენილი მინის შენობა



როგორ შევძელით რაიხსტაგში  შესვლა?! ამას ცალკე ისტორია ახლავს. იქ შესასვლელად წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო, რაც  რამდენიმე თვით ადრე ხდება, მაგრამ ჩვენ აქაც გაგვიმართლა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამაში ჩვენი წარმომავლობა დაგვეხმარა, რაც მეგობრული კეთილგანწყობის ჟესტი იყო. დანარჩენს საიდუმლოთ დავტოვებ, რადგან მიცემული პირობის დარღვევა გამომივა.







ქალაქის ხედი რაიხსტაგიდან
ვისაც ისტორია, კულტურა და ხელოვნება უყვარს, ბერლინის მუზეუმების კუნძული მათთვის ზედგამოჭრილია. სანახავი, მართლაც ძალიან ბევრია. ჩვენ ძირითადად ცნობილი, ისტორიული ადგილებით შემოვიფარგლეთ.


ბოდე მუზეუმი/ Bode Museum


ევროკავშირის თანამედროვე მუზეუმი  "ევროპის სახლი" , ეს ჩვენთვის ეპოქალური თემაა და გვერდს უნახავად ვერ ავუვლიდით. შთამბეჭდავია,  შიგნით არსებული მოდელირებული პარლამენტი . წარმოდგენილია სენსორული რუკა, რომელიც წევრი ქვეყნების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გვამცნობს. 





ბერლინის კედლის ყველაზე გრძელი მონაკვეთი აღმოსავლეთის გალერიაა. მისი სიგრძე 1.3 კილომეტრია , სადაც 106 ნამუშევარია წარმოდგენილი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ხელოვანების შემოქმედებას აერთიანებს.  აღმოსავლეთის გალერეა დროში გვამოგზაურებს და 1989 წლამდე ბერლინის ცხოვრებას ასახავს.


Berliner Mauer East Side Gallery 
„სონი ცენტრის“ შენობა და განსაკუთრებით  , ამ ნაგებობის სახურავი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.  არქიტექტორი გერმანელი - ჰელმუთ იანია. შენობის სახურავი  იაპონიის ცნობილ მაღალ მთასთან „Fujisan -თან ასოცირდება. იაპონური რწმენის თანახმად ეს არის წმინდა მთა, სადაც „Kami ‘’ ანუ ღმერთები ცხოვრობენ, რადგან ბერლინში მთები არ არის , სიმბოლურად „სონი ცენტრი“ არის რეზიდენცია „Kami-ისთვის. ამიტომაც,  „სონი“ სინონიმურად ევროპაში დაცულად მოიაზრება.


სონი ცენტრი
ვერ ვიტყვი, რომ ბერლინი ძვირიანი ქალაქია. ფასები შოპინგის მხრივ და ასევე, საკვების კუთხით საკმაოდ ხელმისაწვდომია. 




ჯორდანო ბრუნოს ძეგლი 

ძალიან მოვიხიბლე ბერლინის კაფეებითა და რესტორნებით, გამორჩეული ინტერიერით, ხელოვნების გავლენა ამ ქალაქში, ყველა სფეროში მკვეთრად იგრძნობა. ქუჩებში ქვებიც კი კრეატიულია, მათზე დამაფიქრებელ  ფრაზებს ამოიკითხავთ.



"Monkey Bar"-ის შესასვლელი
"Monkey Bar"-ის ინტერიერი , (ეს არის ადგილი, სადაც ფინჯან ყავასთან ერთად შეგიძლიათ არაჩვეულებრივი ხედითაც დატკბეთ)

ღია კაფე მუზეუმების კუნძულის ბოლო ნაწილში, სადაც საღამოთი , რომენტიკული გარემო, სასიამოვნო მუსიკა და ცეკვებია.

ბერლინში მეორედაც სიამოვნებით დავბრუნდები , რადგან სანახავი ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა.



კითხვის გაგრძელება →