Monday, August 20, 2012





დუდუნ- დუდუნ... დუდუნ-დუდუნ...
ახლა მატარებელში ვზივარ... ისმის რელსების გამაყრუებელი ხმა, თუმცა რომელი უფრო ხმაურობს ვეღარ გამიგია ჩემი ფიქრები თუ მატარებლის გაბმული დუდუნი.

ამინდიც რა შესაბამისია, ხასიათისებური, ღრუბლიანი, წვიმასაც ურევს, მზეც იმზირება ფარულად, მორცხვი ქალივით, თითქოს თვალს ვერ უსწორებს დედამიწას.

ისევ მივდივარ, იმისკენ  მივისწრაფი, რისი იმედიც ქუთაისში მასულდგმულებდა წასვლამდე. რა იქნება ვინ იცის, მთავარია, რომ მივდივარ... ან იქნებ, მხოლოდ იმისთვის მივდივარ სასიამოვნო წამები, რომ გამოვგლიჯო  ცხოვრებას, მერე რომ ამით ვისულდგმულო უძრაობის ჟამს, ვინ იცის...

ხვალ მამას დაბადების დღეა, მეღიმება სევდიანად, გული მწყდება, რომ ფიზიკურად მის გვერდით ვერ ვიქნები, თორემ გულით ისედაც მასთან ვარ მანძილი რა მოსატანია ამ დროს...

დუდუნ-დუდუნ... ღიმილმა გადამიარა სახეზე, როგორც ხის ჩრდილებმა გაქანებულ მატარებელს, რომელს უფრო განვიცდი ნეტა?! მამის დაბადების დღეს, რომ ვერ ვესწრები თუ დროის სვლას...

დუდუნ-დუდუნ... დუდუნ-დუდუნ...

ზაფხული იწურება, ჩემი სანატრელი დრო, რომელსაც მთელი წელი ველოდები და მხოლოდ ამისთვის ღირს ლოდინი, რადგან მუდმივად სიახლის საწყისია ჩემთვის, ასევე მონატრებულ ხალხთან შეხვედრების დრო.

მე და ზღვა... ცალკე განხილვის საგანი, მთელი წელი მისი ჩხრიალი ჩამესმის და როცა ჩვენი შეხვედრის დრო დგება, შეყვარებული ქალივით გული მიჩქარდება, სუნთქვა მეკვრის. წელს კარგი ზაფხული მქონდა, სასიამოვნოდ დატვირთული, ზღვის სიახლოვე მთელი წელი გამყვება. ახალი ურთიერთობები, რომელსაც ვიმედოვნებ კარგი გაგრძელება ექნება.

დუდუნ-დუდუნ... დუდუნ-დუდუნ...

სხვა საგანს გადასწვდა ჩემი ფიქრები.

"ბავშვობის დღეები და ლურჯი ცა.."

ხუთი წელი სკოლის დამთავრებიდან, მონატრებული სახეები "გუშინდელი" დღეებიდან... თბილი დრო და ადამიანები, მიხვედრა იმისა, რომ ის პერიოდი ვერაფერმა შეცვალა შენს ცხოვრებაში, რადგან ყველაზე მაგარი პერიოდია და ასე დარჩება ბოლომდე...შენი ჩვევები, თავქარიანი, ბავშვური სიცელქეები, რომელთაგან ბევრი მიგავიწყდა, მაგრამ შენს კლასელებს კარგად დაუხსომებიათ, ისევე, როგორც შენ მათი.

ისინი არ შეცვლილან ისეთები არიან, როგორებიც მახსოვს, ურალოდ, ზოგს ცხოვრებამ ჩაუტარა თავის გაკვეთილები და ატყვიათ კვალი.

 მივდივარ, ალბათ იმისთვის მივდივარ, რომ ისევ ვიპოვო საკუთარი თავი და ამ თავში, ის ვინც მინდა და რაც მინდა, ვინ იცის, ვინ იცის...

დუდუნ-დუდუნ...დუდუნ-დუდუნ... ისმის მატარებლის რელსების გამაყრუებელი ხმა...

2012 წელი, აგვისტოს 20.

1 comments:

Anonymous said...

Having read this I believed it was really enlightening.
I appreciate you finding the time and effort to put this article together.
I once again find myself personally spending a significant amount of time both reading and
leaving comments. But so what, it was still worth it!

Also visit my page ... www.ertanozgur.tk