Tuesday, March 20, 2012








„ჰოი, საყურეო,                                                                        
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს.“
(ნ. ბარათაშვილი)


ეკატერინე ჭავჭავაძე (1816–1882)




პირველად ეს ქალბატონი ქართული ლიტერატურის შემოქმედებიდან გავიცანი, როგორც სახელოვანი რომანტიკოსი მწერლის ნ. ბარათაშვილის მუზა და „უიღბლო სიყვარულის კერპი“, სწორედ ამის შემდეგ დავინტერესდი მისი პიროვნებით და გადავწყვიტე უფრო დაწვრილებით გავცნობოდი ისტორიის ფურცლებიდან იმ ქალს, რომლის სილამაზემ უდიდესი კვალი დატოვა   
                                              
ქართველი პოეტების პოეზიაში,როგორც „გაუხუნარმა მუზამ."                                                   


საერთოდ, მივიჩნევ, ყველა ქალი იდეალურია იმ გაგებით, რომ ერთმანეთს არ ჰგავს, მაგრამ ეკატერინე ჩემთვის ქალის ეტალონია, მაინც როგორი იყო იგი?! ლამაზი და მუდმივად სასურველი, ჭკვიანი და ძლიერი, მიზანსწრაფული, კარგი მეოჯახე და ოთხი შვილის დედა, მაღალი გემოვნების,  ელეგანტურობის, ჩაცმის სტილის საზომი მაშინდელ საქართველოში, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავდა არამარტო თანამემამულენი, არამედ უცხოელებიც. ჩემთვის იგი წარმატებული, რეალიზებული ქართველი ქალის ტიპიური სახეა და ალბათ ,ამიტომაც მომწონს. ეკატერინე იმ გემრიელ კერძს ჰგავდა, რომელშიც ყველა სანელებელი ზომიერადაა შეზავებული.

„შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“...

დიახ, ამას ალბათ თვითონაც გრძნობდა და გახდა კიდეც სამეგრელოს დე ფაქტო მმართველი და დედოფალი, რადგან დედოფლობა ვახსენე, მინდა მის სიმამაცესა და სიძლიერეს შევეხო, დიდი უბედურება დაატყდა თავს– მიყოლებით სამი მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალა, მაგრამ მან ისევ გააჩინა შვილები: ნიკო, ანდრია, სალომე და თამარი, თუმცა ნაადევად დაქვრივდა მისი მეუღლე დავით დადიანი 42 წლის ასაკში მალარიით დაავადდა და გარდაიცვალა, მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, ის ღირსეული მმართველი იყო საკუთარი სამეფოსი. ეს დადასტურდა 1853 წელს თურქეთსა და რუსეთს შორის ატეხილი ომის დროს. ეკატერინე გრძნობდა თურქების შემოსევის საშიშროებას, როგორც დედოფალი იგი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ თავისი სამთავრო თურქების შემოსევის წინააღმდეგ საბრძოლო სულისკვეთებით განემსჭვალა. რუხის ციხეზე შეტევის დაწყებამდე ეკატერინემ რუსთა ჯარის მხედართმთავარს ასეთი სიტყვებით მიმართა: " მე მზად ვარ თურქების წინააღმდეგ ოპერაცია დავიწყო. თქვენს ბრძანებას ველოდები, მაგრამ თუ არ დამეხმარებით, მაშინ არმიას მე თვითონ გავუძღვები. ან ჩემს მხარეს მტრისაგან გავანთავისუფლებ ან ბრძოლაში მოვკვდები. ჩვენი სამშობლოსათვის მშვიდად დავიხოცებით."

1855 წლის 15 ნოემბერს, რუსების ჯარმა ყარსი დაიპყრო და მოგვიანებით, გუბერნატორ მურავიოვის ბრძანების საფუძველზე, ეკატერინეს დახმარება გაუწიეს. გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც თავად ეკატერინე ხელმძღვანელობდა, ნოქალაქევის ციხე-სიმაგრესთან შედგა და თურქეთის არმიამ საშინელი დამარცხება განიცადა. არსებულ ომში თავის გამოჩენისათვის რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ ეკატერინე საბრძოლო მედილით დააჯილდოვა.



„რა მივიღე დედოფლისგან“

როცა ეკატერინეს წერილები წავიკითხე, სადაც ცხოვრებისეულ ფონზე დაგროვილი გამოცდილება მისხალ–მისხალაა გაბნეული, ჩემში უდიდესი შემართება და მოტივაცია გააღვივა, ის არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იყო ქალური და ამასთანავე ძლიერი. მან იცოდა ცხოვრების ფასი და ისიც თუ როგორ ეცხოვრა.

ამონარიდები ეკატერინე ჭავჭავაძის წერილებიდან:

„ადამიანიც ზღვასავით შემართული უნდა იყოს, ზღვასავით შემართული და ყალყზე შემდგარი; ყველა ადამიანს ხომ ის იტაცებს, რაც ძლიერია და ღონიერი დაუდგრომელი და შეუპოვარი.“

„სიცოცხელე მარტო იმიტომ ღირს, რომ სიყვარული არსებობს ამქვეყნად. სიცოცხლე და სიყვარული ეს ორი ძალა განაგებს ქვეყენას, ეს ორი ძალა წერს საზოგადოების ისტორიასაც, ეს ორი კეთილის საწყისი ებძვის სიკვდილსა და სიძულვილს. სიყვარული კეთილის ნიჭია, სიძულვილი –ბოროტების. სიცოცხლე იმითაც არის მშვენიერი, რომ კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში კეთილი იმარჯვებს. ამ საქმეში სიცოცხლის სიყვარული ეხმარება. სიყავრულის ნიჭი ყველაზე უღრმესი ნიჭია ღვთისაგან ბოძებული. უნდა გავუფრთხილდეთ სიყვარულს და ამით შეგვიყვარდება თვით სიცოცხლე.“




ბიბლიოგრაფიული წყაროები:



1.ჭილაია, სერგი. ეკატერინე ჭავჭავაძე.თბილისი: მერანი, 1992.



2. მეუნარგია იონა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება და შემოქმედება, თბილისი, საბჭოთა საქართველო.