Tuesday, April 17, 2012






„მარადონა“–„მისი გვარის ფუძე ქართულ ენაზე მარადიულობას ნიშნავს და ის იქნება მარადიული მოვლენა, სანამ ამ სამყაროში ფეხბურთი იარსებებს.“ 
(დ. ტურაშვილი)

უდაოდ, კარგი მიგნებაა, სწორი შეფასებაა, ბავშვობიდან მისი ქება–დიდება რეფრენად გასდევს ჩემს ცნობიერებასაც. მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნი კი, ნამდვილად გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ მასზე, როგორც პიროვნებაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა იყო ადამიანი და პროფრსიონალი, თან აქვე აღვნიშნავ, ნებისმიერი ახალგაზრდისთვის დიდი მოტივაცია იქნება მისი განვლილი გზის გაცნობა, როგორ მიაღწია წარმატებას , მართლაც არ ყოფილა დიეგოს ცხოვრება მხოლოდ „იღბლის გაღიმება“, მისი მიღწევები უდიდესი ძალისხმევის, თავდაუზოგავი შრომის და  ბრძოლის შედეგია.

„თუ წარსულს გადახედავ და ძალიან შორიდან წამოყვები, აღმოაჩენ რომ ყველაფერი რაც შენს ცხოვრებაში იყო და არის და იქნება, სხვა არაფერია თუ არა ბრძოლა.“

უღარიბესი ბავშვობა გაატარა ფიორეტოში, მაგრამ ცხოვრებისეული სიდუხჭირის მიუხედავად ჰქონდა უდიდესი რწმენა და დაბრკოლებების გადალახვას არ ეპუებოდა, ნებისმიერი სირთულე მისთვის მოტივაცია იყო ბრძოლისა და შემართების.

„ჩვენი სახლი შედგებოდა სამი ოთახისაგან. ერთი იყო სამზარეულო, სადაც საჭმელი მზადდებოდა ხოლმე და იქვე ვაკეთებდით კიდეც ყველანი საშინაო დავალებებს. მეორე ოთახი , მარჯვნივ, ჩვენი მშობლების იყო და მესამეში კი, მარცხნივ, ჩვენ ყველას ერთად გვეძინა–რვავეს. როცა გაწვიმდებოდა ხოლმე, ჭერის ღრიჭოებს ვემალებოდით იმიტომ რომ სახლში უფრო ვსველდებოდით, ვიდრე გარეთ.“

ალბათ, ყველა დამეთანხმებით რომ გარკვეული ნიჭი დაბადებიდან დაჰყვება ხოლმე ადამიანს, მაგრამ მას მიგნება და ხელის შეწყობა უნდა , ის რასაც ვაკეთებთ და მნიშვნელოვანია, იქ ჩვენი სული უნდა სჩანდეს...როგორც იაპონური სიბრძნე გვასწავლის _ სიყვარული გვაძლევს სულიერ საზრდოს... გაკეთებულ საქმეში უნდა დაინახოს ხალხმა შენი სიყვარული...  სწორედ ეს არის გულით გაკეთებული საქმე...  თუკი ეს არ სჩანს ის იქნება ზედაპირული და შედეგიც არ გაამართლებს... მარადონას ბავშვობიდანვე ჰქონდა ფეხბურთის თამაშის ნიჭი და რაც მთავარია უყვარდა ეს საქმე, შესაბამისად შედეგსაც იმკიდა.

„ერთად –ერთი, რაც ბავშვობაში  მაწყნარებდა ბურთის თამაში იყო და ახლაც ასეა:“მომეცით ბურთი და იმის გაკეთება მაცალეთ, რაც მე ვიცი...“

„ფიორეტოს გარეუბანში თამაშისას ერთი დიდი პრობლემა გვქონდა ჩვენ მზის პირისპირ ვთამაშობდით... სამის თხუთმეტ წუთზე უკვე ვთამაშობდით თაკარა მზის ქვეშ და სულ არ გვადარდებდა ის, რომ რამე დაგვემართებოდა ამის გამო... დაბნელების მერეც ვთამაშობდით. ახლა ზოგჯერ ფეხბურთელებისგან წუწუნიც კი მესმის ხოლმე, ამა და ამ მოედანს განათება აკლიაო და მეცინება, როცა გამახსენდება, როგორ სიბნელეში მითამაშია.“

ვერასდროს იფიქრებდა, რომ მის ცოვრებაში მოხდებოდა „ის, რაც მოხდა“...

„მართალია მქონდა ბავშვური ოცნებები და როცა ტელევიზიამაც პირველად გადამიღო, მაშინაც ვთქვი რომ მინდოდა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არგენტინის ნაკრებთან ერთად, მაგრამ იგივეს ხომ ნებისმიერი სხვა არგენტინელი ბავშვიც ოცნებობდა.“

„ზღაპრების ასაკში მას ოვაციები ესმოდა“

12 წლის იყო, როცა“ პარტარა ხახვებში“ თამაშობდა, შემდეგ მოხვდა საოცნებო პირველ დივიზიონში და მთელი ეს გზა ორ წელიწად ნახევარში განვლო. მთავარი ოცნებაც აისრულა. მხოლოდ 11 მატჩი პირველ დივიზიონში და უკვე ნაკრების წევრიც გახდა. 16 წლისას ინგლისი მასში მილონ ორმოცი ათას დოლარს იხდიდა.

ჯერ იყო ადამიანი და შემდეგ ფეხბურთელი, მიუხედავად უეცრად მოსული წარმატებისა, მას არასდროს არ დავიწყებია საკუთარი ოჯახი, ნათესავები და მეგობრები, როცა ფინანსურად შეძლებული შეიქნა ყველა ოცნება აუსრულა მათ, ხოლო როცა მანქანა გამოცვალა მისი პირველი ავტომობილი „ფიატი 125“ ბიჭებს დაუტოვა.

ფეხბურთს ისე, როგორც ბიზნესს არასდროს არ უყურებდა, ეს იყო მისთვის სიყვარული და სიამოვნება, ხოლო საკუთარი ქვეყნის ნაკრები ყველაზე ღირებული რამ, რასაც მთელი ქვეყნიერების სიმდიდრეზეც არ გაცვლიდა.

„ჩემთვის არასდროს არავის უჩუქებია ფული და იმ ფულს ყოველთვის მოედანზე შრომით და ბრძოლით მოვიპოვებდი...ამიტომაც ვეტყოდი კიდევ ერთხელ ახალგაზრდა ფებურთელებს რომ სადაც არ უნდა იყვნენ, თუ მათ ნაკრებში გამოიძახებენ და ფრენა არ არის, მატარებელს უნდა გამოყვნენ და თუ მატარებელიც არ არის ფეხით უნდა წამოვიდნენ.“

ყველას ცხოვრებაში დგება იმედგაცრუების ხანა. მისთვის პირველი, ყველაზე დიდი იმედგაცრუება 87 წლის მსოფილო ჩემპიონატი იყო, როცა ვერ მოხვდა განაცხადში პატარა ასაკის გამო, მაგრამ არასდროს არ ნებდებოდა, ბოლომდე იბრძოდა.

„როცა 22 კაცში ვერ მოვხვდი იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ისე გავწარდი რევანშისთვის ეგრევე დავიწყე მზადება და თამაშსაც მოვუმატე.“ ამის შემდეგ კი იყო უამრავი გოლი, აღიარება და ხალხის სიყვარული.

მეორე იმედგაცრუება , როგორც თავად აღნიშნავს, ამერიკის მუნდიალზე დოპინგ–კონტროლის დადებითი შედეგი იყო, რომელმაც საბოლოოდ გამოამშვიდობა მის უსაყვარლეს არგენტინის ნაკრებს.

„ბოლო დოპინგ–კონტროლმა დადებითი შედეგი აჩვენა. ჩემთვის გასაგები იყო რაც მოხდებოდა ამის შემდეგ და თვალები ცრემლებთ ამევსო...მე ყველაზე კარგად ვიცოდი რომ იმ მუნდიალზე ისეთი სუფთა ვიყავი, როგორც არასდროს.“

„სინამდვილეში იმ დღეს ფეხები მომაჭრეს. ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა ფიფამ უფრო ადრე დაიწყო. ამიტომაც დღემდე არაფერია გარკვეული იმასთან დაკავშირებით, რაც მაშინ ამერიკის მუნდიალზე მოხდა. ამიტომაც იქიდან მოყოლებული ბრძოლას ვაგრძელებ, რადგან სიმართლისთვის ბრძოლა არასდროს არ არის გვიან... მე მინდა რომ ყველა გზა და საშუალება გამოვიყენო სიმართლის დასადგენად და როცა ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ, სამოცი წლისაც რომ ვიყო, ფიფას კარს მაინც შევაღებ წიხლით და ყველას მოვთხოვ პასუხს იმისათვის, რაც გამიკეთეს.“

უსამართლობას ის ვერასდროს ეგუებოდა და რაც არასწორად მიაჩნდა ყოველთვის დაუფარავად გამოთქვამდა პროტესტს, თუნდაც პრობლემები შექმნოდა მის გამო. შეიძლება ჩე გევარას სიყვარულიც, სწორედ მისი მეამბოხე ,თავისუფლებისადმი ზედმეტად მოყვარული ბუნებიდან მომდინარეობს.

„მე ხომ იმათ ნაცვლად ვლაპარაკობ, ვისაც ლაპარაკს არ აცლიან და მე კი იმათ სათქმელსაც ვამბობ,ვისაც თავისი დედამოტყნული ცხოვრების მანძილზე, ერთხელაც არ ექნება იმის საშუალება რომ ხმამაღლა მიმართოს მთელ მსოფლიოს.“

„მე ვეჩხუბე რომის პაპს და ვეჩხუბე იმიტომ რომ საკუთარი თვალით ვნახე ვატიკანში ოქროს ჭერი და იმ დღეს მოვისმინე მისი სიტყვები რომ ეკლესიამ უნდა იზრუნოს ღარიბ ბავშვებზე...თუ მართლა ღარიბებზე ფიქრობ და არა ოქროზე, მაშინ გაყიდე ის ჭერი და მართლა რამე გააკეთე ღარიბებისთვის.“

მიჩხუბია ძალიან ბევრ ხალხთან, ვინც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, მინდა ვთქვა რომ ადამიანების მიმართ სიძულვილი არ გამაჩნია პირადი წყენის გამო. მე შემიძლია მხოლოდ ის პოლიტიკოსები მძულდეს, რომლებიც ხალხს ხელს უყოფენ ჯიბეში და მათ ძარცვავენ...მძულს ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი, ვისაც შეუძლია ადამიანების მოკვლა მთავრობის დავალებით და მძულს ყველანაირი მთავრობა, რომელიც თვითონ მაძღარია და მშიერი ხალხი ფეხზე კიდია.“

აი, ასეთია დიდი დიეგო მარადონა, არა როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც ადამიანი, მშრომელი, პირდაპირი, უშუალო, უბრალო, მებრძოლი და მეამბოხე. წიგნის სათაურიც,  კარგი აღნიშვნაა „მე ვარ დიეგო“, ნამდვილად ის დიეგო მარადონაა, რომელიც ხალხს სიხარულს ჩუქნიდა და ასეთად დარჩება.

"'უსამართლობას ვერასდროს შევეგუები და ყოველთვის სიმართლის მომხრე ვიქნები. ყოველთვის მემახსოვრება ჩემი ბავშვობის სახლი და ჩვენი სიღარიბე და ყოველთვის მეცოდინება რომ ყველაფერს შრომით და ბრძოლით მივაღწიე, ეს მე ვარ და ვიცი რომ ჩემს მართვას ვერავინ შეძლებს, რადგან მე ვარ იგივე , რაც ვიყავი და ყოველთვის ის ვიქნები, ვინც ვარ, რადგან მე ვარ დიეგო მარადონა, მე ვარ დიეგო." 



დამოწმებული ლიტერატურა:

დიეგო არმანდო მარადონა. მე ვარ დიეგო. დიეგო მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნი. თბილისი : წიგნის სახელოსნო , 2009.
ესპანურიდან თარგმნა დათო ტურაშვილმა.





0 comments: