Wednesday, October 16, 2013


როცა ადამიანი მის ასაკთან შედარებით ადრე იზრდება, (არ იგულისხმება ფიზიკური ზრდა,) მას გამძაფრებული ცხოვრებისეული ტკივილები აქვს...



"ბავშვობაწართმეული" პატარები, მე მათ ასე ვეძახი, თვალებში ჩახედავ  და არა აქვთ გულუბრყვილო, ბავშვური მზერა.  გამომცდელი, ეჭვნარევი გამოხედვით გიცქერიან,  სადღაც ფსკერიდან, იმ ფსკერში კი უამრავი ისეთი რამ დალექილა, რაც მათ ასაკთან შეუსაბამოა.  მათი შემოხედვა  მაღელვებს, მდინარის ზედაპირივით ლაპლაპა თვალებიდან ბავშვური,  გულუბრყვილო, დათრგუნული ოცნებები მიმზერენ,  საკუთარ თავს, რომ აუკრძალეს მათზე ფიქრი. მათი სისხარტე და სიცოცხლისადმი დაუოკებელი სწრაფვა ყოველთვის აღმაფრთოვანებს. დედის და მამის ნაკლებობის გამო, ისინი თავად ქცეულან დედებად და მამებად. საკუთარი თავისა თუ მცირეწლოვანი და –ძმებისთვის.

ალბათ,  ასეთი ბავშვები ყველას გინახავთ. ისინი ჩვენი ყოველდღიურობიდან არიან. ბაღებსა თუ სკვერებში, შენობების კუთხეებში, სავაჭრო ცენტრების წინ, მანქანების სადგომებთან. წვიმაში, ქარში, სიცივესა და სიცხეში. ზოგი მათხოვრობს, ზოგი ვაჭრობს. მათ იციან, რომ საღამოს პურის ფული, სახლში აუცილებლად, უნდა მიიტანონ, წინააღმდეგ შეთხვევაში დაისჯებიან.

ყოველთვის ყურადღებას იქცევდა მათი დამსკდარი, გაუხეშებული კანი, სახეზე და ხელებზე, ისეთივე უხეში, როგორიც ცხოვრებაა მათ მიმართ.

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.  მეგობართან ერთად სკვერში ვიჯექი და ვსაუბრობდი. მოგვადგა ერთ–ერთი იმ პატარა (დიდი) ბავშვებიდან. დამსკდარკანიანი მოთხუპნული, თმაგაწეწილი შავთვალა, რომელიც დახმარებას მთხოვდა და უარის თქმის შემთხევაში, პირში ფურთხს ამზადებდა. რატომღაც გადავწყვიტე ფული არ მიმეცა , ჩანთაში ცხელი ფუნთუშები მედო და  შევთავაზე, გავუღიმე, კომპლიმენტი ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზი იყო, მართლაც ულამაზესი. სახე გაუნათდა, არ ელოდა მსგავს მოპყრობას, სითბო ეამა და კნუტივით გვერდით მომიჯდა. სახელი მკითხა და მთხოვა ქვიშაში გვეთამაშა. მისი მუდარით აღსავსე მზერა არასდროს დამავიწყდება. თითქოს წინასწარ ელოდა, რომ უარს ვეტყოდი და გონებაში საკუთარ თავს უწყრებოდა კიდეც, რომ ეს თქვა. ავდექი  და გავყევი, რატომღაც ზუსტად, მაშინ ერთიანად ვიგრძენი მას რამდენი რამ აკლდა. 

ქვიშაში  ჯოხით სხვადასხვა ფიგურებს  ვხატავდით . ის სულ გულებს ხატავდა, შემდეგ შემომიბრუნდა და მთხოვა  მისი სახელის დაწერა მესწავლებინა.  ამ დროს თვალზე ცრემლი მომადგა, მაგრამ გადმოდენის საშუალება აღარ მივეცი. ჩუმად, უემოციოდ გადამეყლაპა. ის, იმ დროს  დიდი ბავშვი აღარ იყო. ჩემს წინ  ასაკის შესაბამისი პატარა გოგონა იდგა... უეცრად ხატვა მიატოვა, მზერა გაექცა, წამოდგა მეც მივყევი მის მზერას და დავინახე მომავალი პატარა (დიდები), ის ერთიანად გამოიცვალა, გარდაიქმნა წუთების წინ ჩემთან ერთად მოთამაშე ხალისიანი ბავშვი მალევე გაქრა . მითხრა: "უნდა წავიდე, შენ კარგი გოგო ხარ!" განაწყენებულმა, ბრაზიანად  ჩვენი დახატული ფიგურები ფეხით წაშალა და ისე გაიქცა.




0 comments: