მიყვარს სპონტანური გადაწყვეტილებები, ცხოვრებას ჩარჩოში ისედაც ვერ მოვაქცევთ. ხშირად ვამბობ ხოლმე, ყველაფერს ვერ დაგეგმავ და ზოგადად ვთვლი, რომ ცხოვრებაში ადამიანებს ძალიან ცოტა გეგმა გვაქვს . მიზერულია ის, რაც ჩვენი სიის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ.
 |
ბერლინის კათედრალი/ Berliner Dom |
ჩემი გრაფიკიდან და სხვა რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, იმის ფუფუნება არ მქონია , რომ დაგეგმილად სადმე მემოგზაურა, თუმცა მოულოდნელმა გადაწყვეტილებებმა უფრო მეტი თავგადასავლი და სასიამოვნო მოგონებები განმაცდევინეს.
ჰოდა, აი ასე მე და ჩემს მეგობარს სიიაფის გამო, რამდენიმე თვით ადრე ბერლინისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთები სპონტანურად შემოგვეყიდა. სასტუმროს დაჯავშნაზე ან ფასებზე იმ წუთებში არ გვიფიქრია, უბრალოდ გვჯეროდა , რომ რამეს ვიპოვნიდით.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია მიუნხენიდან ავსტრიაში სულ რაღაც ორ საათ ნახევარში გადახვალ, მაგრამ დედაქალაქში ანუ ბერლინში მატარებლით თერთმეტი საათი უნდა იმგზავრო. სულ ახლახანს ახალი ხაზი გაიყვანეს და ჩქაროსნული მატარებელი დანიშნეს, რომელიც 6 საათში ჩადის, მაგრამ იმ დროს, როცა ჩვენ მივდიოდით ეს ფიზიკურად შეუძლებელი გახლდათ.
 |
ბერლინის ცენტრალური სადგური |
მომქანცველი მგზავრობა იყო, გვეგონა, რომ არასოდეს დასრულდებოდა, მაგრამ ბერლინში მთავარ სადგურზე ჩასვლისას დაღლილობა დაგვავიწყდა.
სასტუმრო ბევრი არ გვიძებნია, მოკლედ, რომ ვთქვათ გაგვიმართლა. ჩემი მეგობრის მეგობარს დრო ჰქონდა და გვიმასპინძლა.
ყველა ქალაქს თავისებური სული აქვს, მე ამის მჯერა, ისევე როგორც ადამიანს და როცა მას ეცნობი გრძნობ ის როგორია. ბერლინი არის ქალაქი, სადაც ყველაზე მეტად თავისუფლების განცდა გაქვს. ხელოვნება, არაორდინალურობა, კრეატივი არსად ამ დოზით არ მიგრძვნია. ჩაცმის სტილში, მუზეუმებში, ქუჩის მხატვრობაში, კაფე-ბარებში და საერთოდ ყველა სფეროში . მე თუ მკითხავთ ბერლინს რას დავარქმევდი გეტყოდით: "ხელოვანების ქალაქს. "
მთავარი სადგურის შემდეგ ბერლინის მეტრო იყო.
იქაური მერტო, ნამდვილი ანტიკვარია, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მატარებლის ვაგონების სიძველეს ვგულისხმობ, რასაც თავისი ხიბლი აქვს. შთამბეჭდავია მეტროს გაჩერება „Potsdamer Platz" -ი. იქ ცოცხლდება ბერლინის ისტორია, ომისდროინდელ კადრებს ნახავთ, ასევე სიმბოლურად ნამდვილი ბერლინის კედლის ერთ-ერთ ნაწილს, სადაც ფოტოების გადაღების გამო ტურისტების რიგი დგას .
პირველად ბრანდერბურგის კარიბჭეს ვეწვიეთ, რაც ბერლინის სიმბოლოა.
 |
ბრანდერბურგის კარიბჭე/ Branderburger Tor |
ვნახეთ, რაიხსტაგი, გერმანიის პარლამენტის შენობა, რომლის აღდგენილი ნაწილიც, მინის და სარკის კონსტრუქციისგან შედგება და მართლაც, ულამაზესი ნაგებობაა. ამ შენობიდან ბერლინის საუცხოო ხედები იშლება.
 |
რაიხსტაგი/ Reichstag |
 |
რაიხსტაგის აღდგენილი მინის შენობა |
როგორ შევძელით რაიხსტაგში შესვლა?! ამას ცალკე ისტორია ახლავს. იქ შესასვლელად წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო, რაც რამდენიმე თვით ადრე ხდება, მაგრამ ჩვენ აქაც გაგვიმართლა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამაში ჩვენი წარმომავლობა დაგვეხმარა, რაც მეგობრული კეთილგანწყობის ჟესტი იყო. დანარჩენს საიდუმლოთ დავტოვებ, რადგან მიცემული პირობის დარღვევა გამომივა.
 |
ქალაქის ხედი რაიხსტაგიდან |
ვისაც ისტორია, კულტურა და ხელოვნება უყვარს, ბერლინის მუზეუმების კუნძული მათთვის ზედგამოჭრილია. სანახავი, მართლაც ძალიან ბევრია. ჩვენ ძირითადად ცნობილი, ისტორიული ადგილებით შემოვიფარგლეთ.
 |
ბოდე მუზეუმი/ Bode Museum |
ევროკავშირის თანამედროვე მუზეუმი "ევროპის სახლი" , ეს ჩვენთვის ეპოქალური თემაა და გვერდს უნახავად ვერ ავუვლიდით. შთამბეჭდავია, შიგნით არსებული მოდელირებული პარლამენტი . წარმოდგენილია სენსორული რუკა, რომელიც წევრი ქვეყნების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გვამცნობს.
ბერლინის კედლის ყველაზე გრძელი მონაკვეთი აღმოსავლეთის გალერიაა. მისი სიგრძე 1.3 კილომეტრია , სადაც 106 ნამუშევარია წარმოდგენილი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ხელოვანების შემოქმედებას აერთიანებს. აღმოსავლეთის გალერეა დროში გვამოგზაურებს და 1989 წლამდე ბერლინის ცხოვრებას ასახავს.
 |
Berliner Mauer East Side Gallery |
„სონი ცენტრის“ შენობა და განსაკუთრებით , ამ ნაგებობის სახურავი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. არქიტექტორი გერმანელი - ჰელმუთ იანია. შენობის სახურავი იაპონიის ცნობილ მაღალ მთასთან „Fujisan“ -თან ასოცირდება. იაპონური რწმენის თანახმად ეს არის წმინდა მთა, სადაც „Kami ‘’ ანუ ღმერთები ცხოვრობენ, რადგან ბერლინში მთები არ არის , სიმბოლურად „სონი ცენტრი“ არის რეზიდენცია „Kami“-ისთვის. ამიტომაც, „სონი“ სინონიმურად ევროპაში დაცულად მოიაზრება.
 |
სონი ცენტრი |
ვერ ვიტყვი, რომ ბერლინი ძვირიანი ქალაქია. ფასები შოპინგის მხრივ და ასევე, საკვების კუთხით საკმაოდ ხელმისაწვდომია.
 |
ჯორდანო ბრუნოს ძეგლი |
ძალიან მოვიხიბლე ბერლინის კაფეებითა და რესტორნებით, გამორჩეული ინტერიერით, ხელოვნების გავლენა ამ ქალაქში, ყველა სფეროში მკვეთრად იგრძნობა. ქუჩებში ქვებიც კი კრეატიულია, მათზე დამაფიქრებელ ფრაზებს ამოიკითხავთ.
 |
"Monkey Bar"-ის შესასვლელი |
 |
"Monkey Bar"-ის ინტერიერი , (ეს არის ადგილი, სადაც ფინჯან ყავასთან ერთად შეგიძლიათ არაჩვეულებრივი ხედითაც დატკბეთ) |
 |
ღია კაფე მუზეუმების კუნძულის ბოლო ნაწილში, სადაც საღამოთი , რომენტიკული გარემო, სასიამოვნო მუსიკა და ცეკვებია. |
ბერლინში მეორედაც სიამოვნებით დავბრუნდები , რადგან სანახავი ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა.
0 comments:
Post a Comment