Saturday, February 12, 2011




XIX საუკუნე ის ეპოქაა, რომელმაც უამრავი ღირსეული შვილი წარმოშვა ქვეყნისა. ისინი გამუდმებით ყურს უგდებდნენ სამშობლოს გულისთქმას, საზოგადო უბედურების დროს, არ ზრუნავდნენ პირად ბედნიერებაზე, არ ისხდნენ უქმად და არ ელოდნენ სასწაულს, როდის დაიწყებოდა ეროვნული გამოფხიზლება. მათმა მცდელობამ საბოლოო ჯამში უდიდესი შედეგი გამოიღო. ბევრი მათგანი სათანადოდ დააფასა და გამოიკვლია შთამომავლობამ, მაგრამ XIX საუკუნე უშრეტი წყაროა, რომელმაც უამრავი ერისკაცი მოუვლინა ქვეყანას, მხოლოდ ამით შეგვიძლია ვიმართლოთ თავი და ვთქვათ, რომ მათ შორის ბევრი დარჩა ჩრდილში, ან კიდევ “ნისლის ტიხარის” მიღმა.

“მწერლობა გმირობის გამოსარჩლებაა, მხოლოდ მიჩქმალული გმირობის ქომაგია მწერალი და სხვა არაფერი.” – წერდა კონსტანტინე გამსახურდია. სწორედ ასეთი ქომაგი გამოუჩნდა ელგუჯა თავბერიძის სახით იმ ეპოქის შვილს, დავით მიქელაძეს (მეველეს), რომელიც აქამდე რომელიმე თხზულების, მითუმეტეს ბიოგრაფიული რომანის პერსონაჟად არ ქცეულა. არადა, მისი ქარიშხლიანი ცხოვრება მიწყივ ჩვენი თავის ჩვენადვე კუთვნების იდეის ქადაგება, უაღრესად საიმდროო, ამავდროულად საამდროო ფიქრები მეტი ინტერესის საგანი უნდა ყოფილიყო ადრეც და ახლაც. (ე.თავბერიძე, “ნისლის ტიხარი”, საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, 2009 წელი.)

ნაწარმოების დასაწყისში ჩვენ შევხვდებით, დათა მიქელაძის მამის, ალექსანდრე მიქელაძის პორტრეტის აღწერას, რომელიც ძალზედ საყურადღებოა, რადგან ავტორი ხაზს უსვამს იმ უდიდეს კონტრასტს, რაც სუფევს მამასა და შვილს შორის, ამით ორმაგად წარმოგვიჩენს მეველეს პიროვნულ ღირსებებს, სადაც გამართლებულია გამოთქმა: “შვილები მშობლებს არ ირჩევენ და არც მშობლები ირჩევენ შვილებს.” ორი რადიკალურად განსხვავებული მრწამსისა და შეხედულების ადამიანები ცხოვრობენ ერთ ოჯახში. მამა რუსიფიკატორული რეჟიმის მოერთგულე იყო. 1841 წელს გურულ აჯანყებულებს დასდევდა, რომლებიც არამარტო გადასახადების გადახდის ფორმის გამო აჯანყდნენ, უპირველეს რუსული მმართველობის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

თავადი წერეთელი ჩოხატაურის მხრიდან, ალექსანდრე მიქელაძე – ოზურგეთიდან ავლებდა მუსრს აჯანყებულებს. ორივენი თანამოძმეთა გაჟლეტით უმტკიცებდნენ რუსეთს ერთგულებას. (ე.თავბერიძე, “ნისლის ტიხარი”, საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, 2009 წელი.) ხოლო-შვილი დათა მიქელაძე კალამამოღებული ილაშქრებდა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, “მათი მონობის კირთებ ქვეშ ყოფნას ეწინააღმდეგებოდა.” იგი ილიას ყაიდის პუბლიცისტი გახლდათ. მისი სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი და მიმდევარი. მათი პუბლიცისტური საზომები თითქმის ემთხვეოდა ერთმანეთს. მისი ყოველი წერილი წარმოადგენს "გასროლას ქუხილით." (გ. ხოფერია. “წერილები ქართულ ლიტერატურაზე”. საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, 2009 წელი.) ფსევდონიმიც რა უბრალო და საქვეყნო ტკივილის გამომხატველი აერჩია – მეველე ნათესის, ბაღ-ვენახის მცველს ნიშნავს. ისიც ერთი გამორჩეული მცველთაგანი იყო, ერთგული გუშაგი მამულისა. (ე.თავბერიძე, “ნისლის ტიხარი”, საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, 2009 წელი.)

საინტერესოა, პიროვნულად როგორი იყო დავით მიქელაძე, რადგან მისი მოღვაწეობის ფაქტები უფრო მრავლად მოიძებნება თანამედროვეებთან, ვიდრე პიროვნების განმსაზღვრელი ცხოვრებისეული დეტალები, მაგრამ რომანის ავტორმა ამას კარგად გაართვა თავი და არსებულ მასალაბზე დაყრდნობით დაგვიხატა მისი სახე. მწერლის ჯანსაღი მსჯელობა გადამდებია მკითხველისათვის და აბსოლიტური თანაზიარი ხდება მისი შეხედულებების.

საინტერესო პუბლიცისტი, პიროვნება, ზოგისთვის ახირებული, თავისებური, უცნაური ხასიათისა. ის მუდამ თავის საქმეს აკეთებდა, წერდა და ფიქრობდა ისე, როგორც მის დამონებულ ქვეყანას ჭირდებოდა. ქვეყნის ნამდვილი ჭირისუფლები აქებდნენ, მესამე დასელები – პირიქით, ძრახავდნენ, კალავდნენ. (ე.თავბერიძე, “ნისლის ტიხარი”, საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, 2009 წელი.)

მიქელაძე ნერვიული და სიმართლის პირში მთქმელი ჩანს, არაერთხელ ხანჯალს გაუვლია ხელი, უსამართლოდ გაზულუქებულს არც შინაურს ზოგავდა ვინმეს და მითუმეტეს, არც გარეშეს შეარჩენდა წყენას, ამიტომაც საყოველთაო სიყვარულით ვერ სარგებლობდა. საჩხუბარი არა და არ ილეოდა, ესეც არ ჩერდებოდა, ბარეორს ნაწერით ჩაჩრიდა სათქმელს პირში, ბარეორზეც ხელსაც გაისვრიდა, ამიტომაც დაიგდებდა ავი კაცის სახელს, თანამედროვეობას რომ არ მოსწონს, მაგრამ დრომ კარგად იცის ასეთების ფასი და ინახება დროში. (გ. ხოფერია. “წერილები ქართულ ლიტერატურაზე”. საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, 2009 წელი.)

მისი პიროვნების, გამბედაობის და სიმამაცის დასტურია დაპირისპირება ქუთაისის გენერალ – გუბერნატორთან ადამ სლოვოჩინსკისთან, რომელმაც მთავრობისა და მეფის წინააღმდეგ ამხედრებული თავადი ციხეში ჩასვა, გადასახლებაც კი დაუპირა, მაგრამ მიქელაძე არ შედრკა, არ შეეპუა და მისივე კაბინეტში პირში მიახალა სიმართლე, ის რასაც ფიქრობდა, უფრო მეტიც: “უარესი საციხო და საკატორღო წერილი შეთხზა მბრძანებლის თვალწინ.”

ინტერესის საგანია ის ფაქტი, რატომ ჩათვალა მწერალმა, რომ დავით მიქელაძის პუბლიცისტიკა, რომელიც ასე უხვადაა წარმოდგენილი რომანში, XXI საუკუნის მკითხველს დააინტერესებდა?! აკაკი წერეთელს უთქვამს: “ნიჭი და ხელოვნება საგნის დიადობაში კი არ არის, მათ გამოხატვაში და გათვალისწინებაშიაო.” “ნისლის ტიხარს” არც გამოხატვა აკლია და არც “დროების გათვალისწინება”, ვგონებ, ელგუჯა თავბერიძემ ფაქტი დაიჭირა, დათა მიქელაძის წერილების სახით და ჩვენი ეპოქის პარალელურად გამოიყენა, რადგან მისმა პუბლიცისტიკამ დროს გაუძლო, მარადიული ღირებულებების მატარებელი შეიქმნა.

მეველეს შემოქმედებითი მემკვიდრეობა მწერლური კულტურითაა შესრულებული, რაც, ბუნებრივია, მეტ ფასს ადებთ მათ, იკვეთება მათი ავტორის თვალსაწიერი, ანალიტიკური აზროვნების უნარი, რეალობის შეგრძნება და, რაც მთავარია, მწვავე რეაქცია. (გ. ხოფერია. “წერილები ქართულ ლიტერატურაზე”. საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, 2009 წელი.)

მიქელაძის პუბლიცისტური მემკვიდრეობა სათანადოდ არ იყო გადმოცემულ - შესწავლილი. მასში ბევრი საინტერესო, ისტორიული დეტალია შემონახული, ამ ყველაფერს მწერალმა ერთად მოუყარა თავი და შეკრიბა. ჩამოთვლილი არგუმენტების გასამყარებლად, მოვიშველიოთ მისი პუბლიცისტიკა, რომელმაც დროს გაუძლო.
საინტერესოა მისი წერილი საპყრობილეს რეფორმაზე, სადაც იგი წერს: “სატუსაღო დამშვიდების, გამოსწორების მაგიერ დამნაშავედ აქცევს ადამიანს. საბოლოო ჯამში კი ხალხს მშრომელი აკლდება, ქვეყანას დამცველი. ერთ ბნელ ოთახშია შეყრილი მკვლელი და უბრალო ნივთის მომპარავი და ამიტომ მცირე დანაშაულის ჩამდენიც მკვლელი გამოდის იქედან. ცხოვლად გადაიქცევა ისიც, ვინც დამწყვდევამდე კეთილი და უბრალო იყო.”

საგულისხმოა, მეველეს წერილი ილიას “ქვათა ღაღადამდე” ექვსი წლით ადრე დაწერილი. იგი მან მიუძღვნა 1893 წელს ქალაქის საბჭოს არჩევნების გამაოგნებელ შედეგებს, რომლებშიც მსგსვსი პრობლემებია მიმოხილული. “სომეხთათვის ჩვეულებრივი, ქართველთათვის – თავში საცემი და სავალალო,” სადაც წერს:

“აზრი სომეხთა მოქმედებისა მაინც ვერ გამიგია. რა საჭირო იყო ქალაქის კეთილდღეობისათვის, რომ საბჭო მარტო სომეხთაგან ყოფილიყო შემდგარი; ქართველები და რუსები, ყანაში რომ აქა-იქ საჩრდილოდ თითო-ოროლა ხეს დასტოვებენ, ისე კენტად ყოფილიყვნენ წარმომდგარი.”

ასევე გასათვალისწინებელია მისი სტატია, სადაც მიქელაძე მე-19 საუკუნეში, ქალთა უფლებების დამცველად გვევლინება: “დედაკაცი არ გაჩენილა მხოლოდ თავშესაქცევად, ნივთად და დასაჩაგრ არსებად. მართლები იყვნენ ძველი ხალხები, როცა ოლიმპოს მთას ქალი ღმერთებით ამშვენებდნენ. კანონს კაცი წერს, მაგრამ ზნეობას ქალი ქმნისო. ქალი მარტო საჭმლის საკეთებლად, პირუტყვის და ბავშვების მომვლელად არ გაჩენილა. შეიძლება, მამაკაცს ასპარეზზე უფრო მეტად გამოეჩინა თავი. ჰიუგოს სიტყვებსაც იხსენებდა – “მე-18 საუკუნემ კაცი მონობისგან გაათავისუფლა, ჩვენმა საუკუნემ ქალი უნდა გაათავისუფლოს მამაკაცთაგანო.”

“ნისლის ტიხარში” გაცოცხლებულია მე-19 საუკუნის ქუთაისის ყოფა-ცხოვრება, პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისი იმხანად კულტურის კერა იყო და ყველა ცნობილი მოღვაწე უშუალოდ დაკავშირებულია ამ ქალაქთან, არ ვართ განებივრებული ისეთი დაწვრილებითი ცნობებით, “ქუთაისური ამბების”, შესახებ , როგორც ამ ნაწარმოებშია მოცემული.

მემუარისტები ქუთაისში დავით მიქელქძის სახლს ლიტერატურულ სალონად მოიხსენიებენ, სადაც უამრავი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე იყრიდა თავს. განსაკუთრებით ხშირი სტუმარი გახლდათ აკაკი წერეთელი. იყო ლიტერატურული სალონები იმდროინდელ ქუთაისში, სადაც პოლიტიკაზე კრინტსაც არ დაძრავდნენ, ნიკო ნიკოლაძის დებთან, ქორქაშვილებთან, ბეჟანიშვილებთან და სხვებთან ქვეყნის ამბებზე არაფერი ითქმებოდა, მარტო ლიტერატურა აინტერესებდათ. მეველესთან კი პირიქით, მწერალსაც სახელმწიფო მოღვაწედ აქცევდნენ, ლექსებსა და სხვა თხზულებებსაც პოლიტიკური ელფერით მიმოიხილავდნენ.

დათა მიქელაძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი გახლდათ. მეველეს არაერთი სტატია დაუწერია თბილისისა და ქუთაისის ბანკებზე, უთქვამს ის, რასაც ფიქრობდა. წუხილიც გაუმჟღავნებია ბანკობიას გამო. იქ დატრიალებული ფარსი საქვეყნო ტკივილად მიუჩნევია. “დროების” ერთ-ერთ კორესპონდენციაში წერდა: “რამდენს ძვირფას განზრახვას, რამდენს ცხოველს იმედსა და ოცნებას სდებს ჩვენი დავახშიანებული თავადაზნაურობა ბანკებზედ.”

“ჩვენ გვგონია, რომ პირად დამოკიდებულებას, სიძულვილსა და სიყვარულს იმერლები ერთობ დიდ მნიშვნელობას აძლევენ ყოველ საზოგადო საქმეში, თორემ ბრძოლა რომ კაცის ნამდვილ ცოდნაზედ იქნეს, ეს, რასაკვირველია მოსაწონი იქნებოდა ყოველი კაცისგან." (ე.თავბერიძე, “ნისლის ტიხარი”, საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, 2009 წელი.) მეველეს სწორად აქვს შენიშნული იმერული ხასიათი, რომელიც დღემდე ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას. “მთავარია ვიღაცის კაცი იყო, ის ვიღაც კიდევ ვიღაცისა და საბოლოოდ საქმეს ის იბარებს, ვისაც წარმოდგენა არა აქვს მასზე.”

საინტერესოა, რას წერს დავით მიქელაძე იმდროინდელ ქუთაისზე, თავის წერილში “ქუთაისის დამცირება”. იმხანად ქალაქის შემოსავალი 70 ათას მანეთზე მეტი იყო, რაც სულაც არ გახლდათ პატარა თანხა. ეს მშვენივრად იცოდა დავით მიქელქძემ, რაზეც წერს: “ეს ფულები დღეს ერთმა უფალმა ღმერთმა უწყის, სად ან რისთვის იხარჯება.”
მეველე ქუთაისის დაცემას უმთავრესად იმას უკავშირებს, რომ ეს ქალაქი ფოთი-თბილისის რკინიგზამ გვერდზე დატოვა:

“რა უჭირდა რკინის გზას, რომ არ ასცილებოდა ქუთაისს? დაშავდებოდა რამე რომელიმე მხრიდან თვითონ გზისთვის ან ქვეყნისათვის, ან მთავრობისათვის! რასკვირველია, რომ არა!”

მეველესათვის ამაზე ფიქრი მწარე იყო, მწარე ტკივილიანი, იმდენად მძაფრი, რომ არ ერიდებოდა მხატვრულ გამონაგონსაც: “გათავდა, გათავდა, შენი მეფობა, ჩემო მშვენიერო, ეუბნება მას გაწბილებული აშიყის ლანდი.”

აბრაზებს კიდეც: “არაფერი მჭირდა შენი დასარჩენი, თვალადიც ვიყავ და ტანადიც, ფერხორციანი და ყელყირმიზა, მაგრამ ჩემი სიმშვენიერე ვერ დააფასე – ვერ მოსწვდი ჩემს ძალას და გავლენას, გულზედ ხელი მკარი, ვერ შემითვისე და ეხლა თუ ზარალში ხარ თვითონ შენ თავს დააბრალე ჩემო ლამაზო!”

დრამატულ მონახაზში ქუთაისი და აშიყის ლანდი ერთმანეთს სცილდებიან, ქალაქს სტოვებს მისთვის მლოცველი, მასზე ღამეების მათევარი, ძილ-ღვიძლშიც მზრუნველ-მოფიქალი, შეყვარებული. რჩება ქუთაისი უსიყვარულოდ. ასეთი ყოფილა “საწყალი ქუთაისის ბედი.” (ე.თავბერიძე, “ნისლის ტიხარი”, საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, 2009 წელი.)

“ნისლის ტიხარში” ავტორს მიქელაძის ბევრი წერილი აქვს გამოყენებული ქუთაისსა და ქუთაისლებზე დაწერილი, თუმცა ესეც საკმარისია, მეველეს დამოკიდებულების გასამჟღავნებლად. არც ელგუჯა თავბერიძე ჩანს გულგრილი ამ ქალაქის მიმართ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თავადაც არ იშურებს ფრთიან გამონათქვამებს ქუთაისის შესამკობად.

საზოგადო ფერხულში ჩაბმული დათა მიქელაძე და მისი კალამი არ ჩერდებოდა, მუდამ ხალხის გვერდით იდგა. მის თვალსაწიერს არ გამორჩებოდა არც ერთი ეპიზოდი და მნიშვნელოვანი მოვლენა. შწორედ, აქ შევხვდებით ვაჟა-ფშაველას და მეველეს დიალოგს “გველის მჭამელთან” დაკავშირებით. ასევე, დათა მიქელაძე გახლდათ პირველი, რომელმაც რუსთაველის ძეგლის საკითხი დასვა, რაზეც წერდა: “ვეფხისტყაოსანი ამკობს და ამშვენებს ქართველის ოჯახს, ქართველის ლხინს, ქართველის სულს და გულს. ჩვენ კიდევ რუსთაველის ძეგლი არ გვაქვს, ვერ მოგვიხერხებია ყველაზე დიდი ქართველი მწერლის სახე გამოვაქანდაკოთ, მაშინ, როცა, სხვა ერები აჭი-ბაჭია მწერლებითა და მათი ძეგლებით ამაყობენო,” ხოლო ახლობელთაგან მივიწყებულ ბარათაშვილის შემოქმედებას ასე აფასებდა: “ერს, რომელსაც ბარათასშვილის მსგავსი მგოსანი გამოეზრდება, თამამად, გაბედვით შეუძლია თვალი გაუსწოროს მომავალს.” (ე.თავბერიძე, “ნისლის ტიხარი”, საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი, 2009 წელი.)

“ნისლის ტიხარი” რომან-ქრონიკაა, სადაც დეტალურადაა ასახული ისეთი დიდი ადამიანის “ქარიშხლიანი ცხოვრება”, როგორიცაა დავით (მეველე) მიქელაძე. ქრონოლოგიურადაა აღნუსხული ერთი კაცის საზოგადო მოღვაწეობა, რომელიც გადაჯაჭვულია ქართველი ერის ცხოვრებასთან, მათ კეთილდღეობასთან. ასევე, აქვეა მოცემული დიდებული და საინტერესო გასული საუკუნის ამბები, მნიშვნელოვან ხალხთან ერთად.

მე მეამაყება, რომ ასეთი დიდი ქართველი, დაკრძალულია ჩვენს ქალაქში, მისსავე საყვარელ ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში. მეველე “ნისლის ტიხარის” მიღმა იყო დარჩენილი აქამდე, მაგრამ ელგუჯა თავბერიძემ შეძლო გაეფანტა ეს ნისლი და ბურუსში დამალული რეალური გმირის სახე დღის სინათლეზე გამოგვიტანა.

ქეთევან ლებანიძე (საკონფერენციო ნაშრომი)