Sunday, October 12, 2014


"სრული 15 წელი ვიმუშავე 150 ლარზე. ეს სიგიჟეა, მაგრამ ამართლებ იმით, რომ გიყვარს... მოშორდი და ახალი გზები ეძებე ჩემსავით არ დაგემართოს, ისე გაირბინა დრომ ვერ გავიგე. გული არ დაგწყდეს, ახლა შენ იმ შეყვარებულს გავხარ, თვითონ რომ უყვარს და მეორე მისი დამნახავი არაა, ჯანდაბაში წასულა ცალმხრივი სიყვარული, არ უნდა გამოაფიტებინო თავი. გადი ამ ქალაქიდან, ჩაკეტილ წრეს გაშორდი და შენი გზა ნახე,"-  მითხრა მან და მას შემდეგ ეს სიტყვები მთელი ჩემი ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში საქმიანობას რეფენად გასდევდა.

 განა ასე მარტივია?!  რეგიონში ჟურნალისტი იყო და გრძნობდე, რომ  წინსვლის საშუალება არ გეძლევა, არც ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება. ჩაკეტილ წრეს უვლი და იგივე ადგილს უბრუნდები. შინაგანი პროტესტი კი მოსვენებას გიკარგავს, გახრჩობს, უბრაზდები საკუთარ თავს და შემდეგ მთელ სამყაროს.




ცალმხრივად შეყვარებული ქალივით  შეჰყურებ მშობლიურ ქალაქს და საქმეს,  განშორება გეძნელება. იმედს ებღაუჭები, ეგებ დღეს ან ხვალ ყველაფერი უკეთესობიკენ შეიცვალოს და ვერც კი ხვდები, როგორ ინადგურებ მომავალს და კარგავ ყველაზე ძვირფას დროს.

ენთუზიაზმი მაშინ კვდება, როცა მხოლოდ შენი სახელის და გვარის მიწერა სტატიებზე აღარ გიხარია. საკუთარ თავთან ბრძოლა და მასზე გამარჯვება ომის მოგების ტოლფასია. გადავწყვიტე  ეს ჩაკეტილი წრე გავარღვიო, რომელზეც სიარული ასე მომბეზრდა და ეს ქალაქი დავტოვო , რადგან  საკუთარი თავის პოვნა შევძლო.

 მომბეზრდა ის პიარ სამსახურის უფროსები, პოლიტიკოსები, (ყველას არ ეხება) რომლებიც, ცენტრალური მედიასაშუალებების დანახვისას რეგიონული მედიის წარმომადგენლებს არაფრად აგდებენ, ის გრანტიყლაპია არასამთავრობოები, რომლებიც რეგიონული მედიის გაშუქებულ ნიუსებს არ კითხულობენ და ჩვენგან წაღებულ, დაკოპირებულ ამბებს ცენტრალური მედიასაშუალების სააგენტოებიდან აზიარებენ. მხოლოდ მაშინ ვართ "კარგი გოგო-ბიჭები", როცა ცენტრალური მედია მათ სიახლეებს არ აშუქებს.

 ზოგადად ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები, ამ შემთხვევაში ჩემი თავი, მართლაც მაკვირვებს.  ამ ადგილის ტკეპვნით საკმარისზე მეტი დრო დავკარგე, ალბათ სიყვარულის ბრალია, ქალაქის, საქმის.. არც ის არის მარტივი  ჩემი თვალებით სამყაროს უყურებდე. მე ხომ ყველაფერს ცოტა სხვაგვარად ვხედავ, ვიდრე სხვები ხედავენ. ჩემი გადმოსახედიდან სულ სხვა ხედი მოსჩანს და მე მომწონს ის ადგილი სადაც ვდგავარ...

 ახლა იმ ფრაზიდან გავაგრძელებ ერთ ადგილას, რომ დიდხანს ვერ ვჩერდები. მუდმივად  ვარ რაღაცის ძიებაში, როცა ვთვლი, რომ ჩემი თავი იმ ადგილას ამოვწურე ან ვერ დავინახე, ვტოვებ და მივდივარ. იმ მომენტში  შემდეგ რა იქნება არ ვფიქრობ ან რა მოხდებოდა, რომ დავრჩენილიყავი. რამდენიმე სამსახური ზუსტად ამ მიზეზით გამოვიცვალე.

სხვადასხვა რედაქტორებთან მიმუშავია.  ზოგიერთი მათგანი ჭირვეულ ბავშვს ჰგავს. თავადაც, რომ არ იციან რა უნდათ და ყველაფერზე ბუზღუნებენ, სულ რაღაცას გთხოვენ და წესიერად ვერ გაგებინებენ რა უნდათ. თან სულ მართლები არიან. განსაკუთრებით, აუტანლები მაშინ იყვნენ, როცა რამეს აიხირებდნენ და მათივე იდეების განხორცილებას შენით ცდილობდნენ. შენ თუ არ ეთანხმებოდი და წინააღმდეგობას უწევდი, იწყებოდა ომი. ჩემში ძირითადად ეს თვისება აღიზიანებდათ,  ზოგისთვის თავხედი ვიყავი, ზოგისთვის ცინიკოსი . თავისებურად მსჯიდნენ, დიპლომატიურად, ვითომ ამას ვერ ვხვდებიდი და სინამდვილეში, ყველაზე მეტად ეს მომენტი მომწონდა, როცა ისინი წყობიდან გამომყავდა. ბოლოს, მაინც ისე ვიქცეოდი როგორც მე მსურდა. თუმცა, ზოგი მათგანის მადლობელი ვარ, ბევრი რამ მასწავლეს.

ჰო, ეს არ დამავიწყდეს, ამ შემთხვევაზე დღემდე ვიცინი, რადგან "პატარა ადამიანები" ჩემში გაოცებას და გაღიმებას იწვევენ. ერთმა რედაქტორმა სოციალური ქსელიდან წამშალა. იმის გამბედაობა არ ეყო, რომ  ჩემთვის პირში ეთქვა რატომ ვერ მიტანდა ან უბრალოდ გაველანძღე. თუმცა, როცა ადამიანს უმიზეზოდ აითვალწუნებ რთულია ამის ახსნა. მე გაგებით მოვეკიდე, უბრალოდ მეცინება.

არ შეიძლება ადამიანს ისე მოექცე, როგორც უსულო ნივთებს ვეპყრობით. ჩვენს სფეროში დამსაქმებლები  დასაქმებულებს ზუსტად ასე ექცევიან. ცალკე განხილვის საგანია მათი მოთხოვნები, მაქსიმუმი მინიმუმის ნაცვლად. წირავ მათ "ბრენდს" შენს ნერვებს, ჯანმრთელობას, ახალგაზრდობას და ამას არავინ დაგინახავს.  შენ თითქოს მათი ვალი გაქვს და ვალდებული ხარ ასე მოიქცე.  ნებისმიერ დროს შეუძლიათ უსარგებლო ნივთივით მოგისროლონ.

კარგად მახსოვს ჩემი მეგობრის სიტყვები, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გავაცნობიერე და მის ჭეშმარიტებაში დავრწმუნდი : "ავტორიტეტებს ჩვენ ვქმნით უბრალო ადამიანები...ასევე ძალიან ადვილად შეგვიძლია ჩვენივე შექმნილი "ავტორიტეტის" ერთ წამში დანგრევა."


0 comments: