Sunday, February 1, 2015




” ფესტივალზე ფილმს ვაგზავნი, სახლში ცუდი ინტერნეტი მაქვს და მერიაში საღამოს 8-ზე დათო მირზაშვლთან ასვლა მომიწია. ვიდეო ავტვირთე და გავაგზავნე, მაგრამ გარეთ, რომ გამოვედი ღამის 1 საათი იყო, არც ერთი მუნიციპალური ტრანსპორტი. ჯიბეში სამ ლარამდე ხურდები დავთვალე, მაგრამ ტაქსის მძღოლს, მაინც თამამად დავუქნიე ხელი და გამიჩერა. შევამჩნიე, რომ უკანა სავარძელზე მგზავრი იჯდა. მეთქი ბოდიში, მეგონა თავისუფალი იყავით და კარის მიხურვამდე მძღოლმა დამასწრო: ჩაჯექი წაგიყვანო. მეთქი-3 ლარზე მეტი არ მაქვს. მძღოლმა ისევ, მეგობრულად-ჩა-ჯე-ქი. მგზავრი უკანა სავარძლიდან ზასტავაზე ჩავიდა და მძღოლს თანხა გადააწოდა შემდეგი ფრაზის თანხლებით : “ვფიქრობ, ეს თანხა საკმარისი იქნება და გთხოვთ, გოგონა სახლში მიიყვანეთ”, მგზავრი სამწუხაროდ, მომერიდა და სახეზე ვერ დავინახე, თუმცა გულწრფელი მადლობა ორჯერ გადავუხადე,”–ეს მონათხრობი ფილმის სიუჟეტს ჰგავს… მართალია, ჩვენი რესპოდენტი ახალგაზრდა, დამწყები რეჟისორია, მაგრამ ეს მისი ცხოვრების რეალური ეპიზოდია.
ნანა უგულავა, ქუთაისელია, ამავე ქალაქში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტი დაამთავრა. პროფესიით ჟურნალისტია,ამბობს, რომ ფილმი “99 ფრანკი” მის გადაღებამდე 7 წლით ადრე, რომ გადაეღოთ, სხვა პროფესიას აირჩევდა. რეჟისორად თავის მოხსენიება ეუხერხულება, რადგან თვლის, რომ ამისთვის პროფესიული ცოდნის მიღებაა საჭირო და მეტი გამოცდილება.ევროპაში სწავლის გაგრძელებას აპირებს,რისთვისაც თანხას აგროვებს.
როგორც ქუთაისელი ახალგაზრდების უმრავლესობა ისიც დროებით უმუშევარია, მაგრამ პროექტების ფარგლებში სოციალური რეკლამების სცენარისტად მუშაობს .
“მინდა ისეთი პროდუქტი შევქმნა, რომლის წაშლაც არასოდეს მომინდება, არც ჩემი სამუშაო კომპიუტერიდან და არც მეხსიერებიდან. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ასეთი არ შემიქმნია. ქუთაისში ხალხის ენთუზიაზმი უფრო მეტია, ვიდრე შესაძლებლობები, ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ ამ ქალაქმა არაფერი არ მომცა. პირიქით, ამ ქალაქიდან სტარტის აღების საშუალება მომეცა, მეტის მოთხოვნილება გამიჩნდა. ყველაზე მთავარია, დროზე მივხვდი, რომ ჩემი სფერო ჟურნალისტიკა არ არის, ვიგრძენი, რომ კადრს მიღმა მუშაობა უფრო საინტერესოა, ვიდრე კადრში.
როცა უნივერსიტეტი დავამთავრე პირველი იმის მეშინოდა მუშაობას სად დავიწყებდი. თავიდან რადიოში ვმუშაობდი, შემდეგ ინტერნეტ ტელევიზიაში, რადიოში, როცა მუშაობა დავიწყე, იქ პირველად ჩემი ზედმეტსახელით_”ჰიროსიმა”–თი გამიცვნეს. ურთიერთობის ფორმატიდან გამომდინარე (მე და მსმენელს აუდიო-ვიზუაური კონტაქტი არ გვქონდა), 5 საათის მანძილზე ინტერნეტ მიმოწერაში 500–მდე მესიჯისთვის უნდა მეპასუხა.  ერთ მესიჯზე 2 თეთრს მიხდიდნენ. ჩემი პირველი ხელფასი 10 ლარი იყო. მუსიკა და ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ 500 მესიჯი დაბალ ხელფასთან ერთად დაბალ რეიტინგსაც ნიშნავდა. მახსოვს მომდევნო თვეს ჩემმა მესიჯების რაოდენობამ 3500 გადააჭარბა. ერთგული მსმენელები გაჩდნენ და ისინი დღეს ჩემი მეგორები არიან. იქ მუშაობამ საჭირო გამოცდილება შემძინა. თინეიჯერებთან ურთიერთობით ვისწავლე როგორი უნდა ვიყო, რომ უცნობი ადამიანები ჩემი აუდიტორია გახდეს. თან, ახლა რასაც ვაკეთებ, მუსიკალური მხარდაჭერაც სჭირდება, ეს ძალიან მეხმარება მუსიკალური ფონის შერჩევაში. მუსიკა და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ჩემი ინსპირაციის და იდეების გენერირების წყაროა, ”–ამბობს ნანა.
შემდეგი ნაბიჯი, მის ცხოვრებაში, ინტერნეტ ტელევიზიაა. პროფესია იგივე, მაგრამ არა ნიუსები, აპოლიტიკური თემები.
” ინტერნეტ ტელევიზია ხუთმა მეგობარმა დავაარსეთ. იდეები გვქონდა, მაგრამ, არა ფინანსები. მეგობრის ერთოთახიან ბინაში ინტერნეტ ტელევიზია გავაკეთეთ. ჩვენი იდეის პირველი სპონსორი მეგობრის მამა იყო. მან შეგვიძინა კამერები, განათებები და სხვა სასტარტო ტექნიკა. პროექტი სრულ ენთუზიაზმზე დამყარებული გახლდათ. მახსოვს ცივ ზამთარში, ბოთლში ცხელი წყალს ვასხამდით, სველ ფეხებს ვალაგებდით და მასალებს ისე ვამონტაჟებდით. ქუთაისისთვის გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ალტერნატიული ჯგუფი არსებობს, რომელიც იმავე ქალაქში განსხვავებულ თემებს, აკეთებს. იყო ბევრი ისეთი თემა, რომელიც რეგიონალურ ტელევიზიებს ყურადღების მიღმა რჩებოდა და ამ ნიშის დაკავება გვსურდა. ჩვენი სლოგანიც ამაზე მიუთითებდა_“დაინახე მეტი.” 2 წლის შემდეგ ეს სლოგანი ერთ-ერთი ახალი ტელევიზიის “ჰედლაინი” აღმოჩნდა. 5 კაციანი ჯგუფი ვიყავით, თუმცა ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებდით, რომ დიდი გუნდი მუშაობდა. თითო 2–3 ადამიანის ფუნქციას ვითავსებდით. ტრანსპორტის თანხა არ გვქონდა, ფეხით ბევრჯერ გვივლია, მახსოვს, როგორ ვეძებდით სუპერმარკეტების დახლებზე ქუთაისურ ნაწარმს, რომ ჩვენი იდეების დამფინანსებლები გვეპოვნა.
პირველი თანამშრომლობა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მწარმოებელ კომპანიასთან შედგა, სანაცვლოდ სტუდიაში ჰერმეტული ფანჯრები გაგვიკეთეს. ამის შემდეგ ერთ პრობლემას ბოლო მოეღო, ჩვენს აუდიო ჩანაწერებს ქუჩიდან შემომავალი ხმაური არ ახლდა . მიყვარს ის პერიოდი. ყოველი წინააღმდეგობა გვაძლიერებდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დავიშალეთ.”
სოციალური რგოლების გადაღება და ფილმი “MEDIAnera”, გახლდათ ის ეტაპი, რომელმაც ნანას ნიჭიერი შემოქმედის სტატუსი მოუტანა.
“პირველი სოციალური რგოლი, რაც გადავიღე “ლევანტოს” ფეხსაცმელებზე იყო და მინიმალური ანაზღაურება, 200 ლარი ავიღე, ეს  3 ადამიანის ჰონორარი იყო. როცა უკვე ფილმების გადაღებაზე გადავედი, მივხვდი, რომ პროფესიონალი ოპერატორი დამჭირდებოდა. ასეთი ჩვენს ქალაქში  დათო მირზაშვილია. იგი მაშინ “რუსთავი 2″–ზე მუშაობდა. მისი დათანხმება არც ისე იოლი გახლდათ, მაგრამ მან მე შანსი მომცა და დღემდე მასზე დამოკიდებულება მჭირს.
პროექტი დავწერე, გაიმარჯვა და “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” მხარდაჭერით დოკუმეტური ფილმი “MEDIAnera” გადავიღე, ფილმში ხუთი სოციალურად დაუცველი ადამიანის ისტორიაა ასახული, რომელიც რეგიონალურ მედიაში_ სოციალურ თემას ეხება. სოციალურად დაუცველი ადამიანები ჩვენი ყოვლდღიურობიდან, რა პრობლემები აქვთ, რასთან უწევთ გამკლავება და რაზე ოცნებობენ. ფილმში ქუთაისში მოქმედი ხუთი მედია საშუალება მონაწილებოდა. ეს პროექტი ჩემთვის ჯეკპოტი იყო, როცა მან დოკუმენტური ფილმის სახე მიიღო, ფესტივალში მონაწილეობის საშუალება მომეცა. “MEDIAnera “–მ ჩემი შესაძლებლობა აჩვენა და მისი დამსახურებით შემდეგი ორი გრანტი მოვიპოვე. ის ჩემთვის გარდატეხაა, თუმცა სანამ უკრაინის საერთაშორისო ფესტივალიდან პასუხი არ მომივა, მანამდე არ მეცოდინება, რა წარმატება მოიტანა.”
უკრაინის საერთაშორისო კინოფესტივალში 43 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდან ნანას ფილმიც მოხვდა. ფესტივალი ხარკოვში უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო გადაიდო. ფილმის იქ გაგზავნას საკუთარი ისტორია ახლავს.
“სანამ უკრაინის საერთაშორისო ფესტივალზე ფილმს გავაგზავნიდი, რამდენიმე ავტორიტეტულ ადამიანთან კონსულტაცია გავიარე, კომპატენტური ადამიანების მოსაზრებების გარეშე მე მის გაგზავნას ვერ გავბედავდი. საქართველოშიც საერთაშორისო კინოფესტივალზე “ოქროს თვალი” მონაწილეობა მივიღე, იმ ფილმს “თამაში” ერქვა , ეს 2011 წელს იყო, ნომინაციაში აღმოვჩნდით საუკეთესო ვიდეო ჩანახატი. იმავე ფესტივალზე იაპონელი ოპერატორი ჰირო ნარიტა  გავიცანი , რომელიც ჩემი ზედმეტსახელის გამო დამიმეგობრდა. ამანაც გამაბედინა, როგორც ჩანს მდარე ხარისხის ნამუშევრებს არ ვქმნი. შარშან ფესტივალზე ფილმის გაგზავნის მცდელობა მქონდა, მაგრამ თანხებთან იყო დაკავშირებული, ფილმის გასაგზავნად სულ რაღაც 100 ლარი მჭირდებოდა და არ მქონდა. ინტერნეტით, რომ გავაგზვანე ვიდეო ფაილი სრულად არ მისულა და მონაწილეობა ვერ მივიღე. წელს თანხა შევაკოწიწე და ეს ფილმი უკრაინის ფესტივალზე მოხვდა.”
ინტერვიუს ბოლოს ნანამ საიდუმლო გაგვანდო.
“არასოდეს ვითხოვ დახმარებას, რადგან “მე თვითონ” ჩემი ცხოვრების პრინციპია და ალბათ, ჩემს მთავარ წარმატებას ამდენი იმიტომ აგვიანდება…” 
ქეთევან ლებანიძე

0 comments: