Sunday, February 1, 2015


“პირველი მანქანა ჩემი ხელით, სახლში ავაწყვე, თითო მანქანის გაკეთებას სამი წელი ვუნდებოდი. დასანანია, რომ ჩემი მოდელების ანალოგების წარმოება გამოჩენილმა საავტომობილო ქარხნებმა 30 წლის შემდეგ დაიწყეს,”- განაცხადა “imeretinews”-თან საუბრისას არქიტექტორმა, ვახტანგ დვალიშვილმა.
ვახტანგ დვალიშვილი 64 წლის ქუთაისელი არქიტექტორია, შემოქმედებით საქმიანობას 35 წელია ეწევა, როგორც მან აღნიშნა, მის მიერ შექმნილი ავტომობილებით ევროპა მოიარა. იმყოფებოდა ბულგარეთსა და ჩეხეთში, ასევე გერმანიაში სხვა დიზაინერებთან ერთად და საერთაშორისო გამოფენაში იღებდა მონაწილეობას. სადაც იგი სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდა. საკუთარი დიზაინით ნაწარმოები ავტომობილები 1975 და 1985 წლებშია შექმნილი. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ მის მიერ შექმნილ მანქანებს ქალიშვლის სახელი „მარი“ უწოდა.

10563555_732426786803215_1814729644_n

“პროფესიით არქიტექტორი ვარ. მერიის სისტემაში 35 წელი ვიმუშავე, 30 წელი, როგორც ქალაქის მთავარი მხატვარი, 5 წელი ქალაქგაფორმების კომბინატის დირექტორი, ამ წლებში საქალაქო დიზაინს, ფასადების გადაღებვა და რეკონსტრუქციას, მცირე არქიტექტურული ფორმების და ქანდაკებების განთავსებას, მგზავრთა მოსაცდელების და გარე ვაჭრობის, ინვენტარების განთავსებას, სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობას ვკურირებდი“.
როგორც ვახტანგ დვალიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მანქანების მოდელების შექმნამ სტუდენტობის პერიოდში გაიტაცა, როცა გააცნობიერა, რომ მობილური არქიტექტურა ძალზედ მნიშვნელოვანი და ღირებულია.
“სტუდენტი ვიყავი, როცა პირველი მანქანა, სახლში ჩემი ხელით ავაწყვე, თითო მანქანის გაკეთებას სამი წელი ვუნდებოდი. ამ ყველაფერს ენთუზიაზმით ვაკეთებდი. მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია საავტომობილო ქვეყნები, ქუთაისს ეს პრიორიტეტი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, დავკარგეთ. 90-იან წლებში ჩემი ხელით, მარტო დაფინანსების გარეშე იმ მიზნით, რომ ქუთაისის საავტომობილო და სატრაქტორო ქარხნები არ გაჩერებულიყო, 7 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების ექსკლუზიური ავტომობილების მოდელები დავამზადე. გამოცდის მიზნით სამჯერ ევროპა მოვიარე, ვმონაწილეობდი ავტომობილების საერთაშორისო გამოფენებზე, რაც უცხოურ პრესაში დადებითად შეფასდა. ხალხი გზაზე გვაჩერებდა, მანქანას ათვალიერებდა და აღფრთოვანებას გამოხატავდა. მიუხედავად ჩემი ძალისხმევისა ქარხნების იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ ადვილი გზა აირჩია, ახალი მოდელების ათვისების ნაცვლად საწარმოო საშუალებები ჯართში ჩააბარა.“

10581252_732426723469888_1099516856_n

ვახტანგ დვალიშვილის მიერ შექმნილი მანქანები საქართველოში დამზადებულ სატრანსპორტო საშუალებებს შორის ექსკლუზიური ნაკეთობაა, ისტორიის ნაწილია, თუმცა, მათთვის ქუთაისში არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ისინი დაცულად შეინახება.
აღნიშნული მანქანები ახლა ქუთაისის საპროექტო შენობის ეზოშია განთავსებული, ღია ცის ქვეშ და უკვე საკმაოდ დაზიანებულია, ვინაიდან შეფუთვა მათ ვერც წვიმისგან და მზისგან ვერ იცავს.

10563342_732427076803186_1454129543_n

10589056_732432700135957_721865547_n

„მიმდინარე წლის 21 სექტემბერს 65 წელი მისრულდება. მსურს ჩემი შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა მოვაწყო. მერიის სისტემაში მუშაობის 35 წლის პერიოდში ჩემი შემოქმედებითი ნამუშევრები არასოდეს დაფინანსებულა, რაც ჩემი მხრიდან ქველმოქმედება იყო.
აღნიშნული ნამუშევრების გამოფენა არ ნიშნავს საიუბილეო ზეიმს, ეს იქნება პერსპექტიული ეროვნული პროდუქციის წარმოების წინაპირობა. ქალაქის მერთან, ბატონ შოთა მურღულიასთან განცხადებაც მაქვს შეტანილი საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობისთვის, რათა გრანტი გამოიყოს საგამოფენო ექსპონატების დასამზადებლად და გამოფენის მოსაწყობად. ასევე, გამოიყოს საგამოფენო ფართი, სადაც განთავსდება საქართველოში დამზადებული სატრანსპორტო საშუალებების, როგორც სერიული ნაწარმი მოდელები, ასევე ექსკლუზიური ნაკეთობები. ეს მუზეუმი საქართველოს ისტორიის ნაწილი იქნება, სადაც ერთ-ერთი ტურისტული მარშრუტი გაივლის,”- ამბობს არქიტექტორი.
ვახტანგ დვალიშვლის სამუშაო თემას ახლა მობილური არქიტექტურა წარმოადგენს, რომლის პრინციპია სამშენებლო ოპერაციები საველე პირობებში შემცირდეს და სამუშაოს მოცულობა ქარხნულ პირობებში გაიზარდოს. ოთხი წელია, რაც კოტეჯის სახლებს, მაღაზიებს და სასტუმროებსაც ამზადებს.

10565811_732426940136533_496121857_n

„როგორც იტყვიან ბუნებაში არაფერი იკარგება, ავტომშენებლობაში მიღებული გამოცდილება მშენებლობის ახალ მიმართულებში გამოვიყენე, ეს არის მობილური არქიტექტურა. მისი პრინციპია სამშენებლო ოპერაციები საველე პირობებში შემცირდეს და სამუშაოს მოცულობა ქარხნულ პირობებში გაიზარდოს. ეს ტექნოლოგია მშენებლობის ხარისხის გაზრდას იწვევს, ღირებულების შემცირებას, მცირე წონის გამო ღრმა საძირკვლები არ სჭირდება, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით მიწისქვეშა გამდინარე წყლებს არ გადაკვეთს. ამ მეთოდის გამოყენება ასევე გადაწყვეტს არსებული სახლების ტრანსფორმაციის საკითხს, ანუ სასარგებლო ფართის მომატება ტრადიციული მიშენების მეთოდის გამოყენების გარეშე. საცხოვრებელი მოდული ერკერის სახით მაგრდება არსებული სახლის კედელზე.“
ვახტანგ დვალიშვილს ქუთაისის გენგეგმის მაკეტი აქვს შექმნილი, როგორც ის აღნიშნავს გენგეგმა ინვესტორისთვის საინტერესო პროგრამას წარმოადგენს. ის ქალაქის ახალ ხელმძღვანელობასაც წარუდგინა და იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება.
„გენგეგმა წარმოადგენს საინტერესო პროგრამას ინვესტორისათვის, ის იძლევა ქუთაისის ცენტრის განაშენიანების ფართის გაუზრდელად შეიქმნას 20 000 კვ.მ სასარგებლო ფართი, რომელიც შეიძლება ავტოსადგომებად იქნას გამოყენებული, საყოფაცხოვრებო მომსახურების და ვაჭრობის ობიექტებად. ასევე იქმნება ფეხმავალთა და საპარკო სისტემა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის გადაკვეთის გარეშე შეიძლება დავაკავშიროთ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია გაბაშვილის პარკს, რიონის სანაპიროს გამოყენებით, როგორც პლიაჟი, თავისი უნიკალური თეთრი ქვებით.
დარწმუნებული ვარ დადგება დრო, როდესაც საერთაშორისო ეკოსისტემების ორგანიზაციის ძალისხმევით რიონის წყალი იქნება სუფთა და გამოყენებული იქნება საბანაოდ, თავისი შემადგენლობით რიონის წყალი მდიდარია მინერალებით, შეიძლება ჩაითავლოს, როგორც სამკურნალო. წარმოდგენილი ცენტრის გეგმა ქუთაისის საერთო გენგეგმის დამუშავების საწყისი ეტაპია. აუცილებელია, რესურსი გამოიძებნოს და მსოფლიო კონკურსი გამოცხადდეს, სადაც მონაწილეობას სხვადასხავა არქიტექტორები მიიღებენ. ქუთაისი თავისი კარგი კლიმატური და გეოგრაფიული მდგომარეობის გამო შეიძლება გენგეგმაში ჩაიდოს ფუნქცია და დანიშნულება, როგორც მსოფლიო ადმინისტრაციული ცენტრი, სადაც მომავალში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განთავსდება და მსოფლიო პარლამენტი. კავკასია ევრაზიის ცენტრია, კერძოდ ქუთაისი, „-განაცხადა დვალიშვილმა.
ქეთევან ლებანიძე

0 comments: