Wednesday, February 18, 2015




"დუმილი ზოგჯერ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ამაღლებულია, ვიდრე ყოვლად კეთილშობილური და მეტყველი ენამჭევრობა, და ბევრ შემთხვევაში მაღალ გონებაზე მეტყველებს."

 გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული", ფილმი-დუმილია, რომელიც მაშინვე გითრევს და მთლიანად გავიწყებს გარესამყაროს. დასაწყისიდან უკანასკნელ წამამდე ჩართული ხარ და სიუჟეტის განვითარებას ვერ წყდები. ერთი შეხედვით მარტივად აღსაქმელი ფილმი არ გახლავთ, მას გააზრება და ჩაღრმავება სჭირდება, მაყურებელს თავად აძლევს დაფიქრების, დასკვნის გამოტანის საშუალებას. ფილმის მთავარი პეროსონაჟები სასაუბრო ენას ნაკლებად იყენებენ და კინოს მსვლელობისას მხოლოდ რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლებიან.




 შთამბეჭდავია ადგილი, სადაც მოხუცი პერსონაჟი სიმინდის კუნძულის გაშენებას გეგმავს, ის თითქოს გარე სამყაროს მოწყვეტილია, მცირე მიწის ნაგლეჯია, რომელსაც ირგვლივ წყალი ესაზღვრება და ნებისმიერ დროს შეიძლება ის წყლით დაიფაროს, მაგრამ ამ მიწის სახით აფხაზი მოხუცი ეძებს ალტერნატივას, მშვიდ ადგილს, სადაც მიწის გამო არ იბრძოლებენ და მშვიდათ ცხოვრების საშუალება მიეცემა. თითქოს მისთვის მიწისთვის ბრძოლა უაზრობაა, რადგან ადამიანი ბოლოს თავადაც მიწად იქცევა. შვილიშვილის კითხვაზე, ვის ეკუთვნის ის მიწა? პასუხობს: "მის შემქმნელს".

 აფხაზი მოხუცი ჰუმანისტია, მიუხედავად საომარი ვითარებისა მისთვის არა აქვს მნიშვნელობა ვინ აფხაზია, ვინ ქართველი, ის ქართველ დაჭრილ ჯარისკაცს უპრობლემოდ შეიფარებს, უვლის. მისთვის ადამიანი ადამიანია. ის ერთნაირად პასუხობს ცნობისმოყვარე აფხაზ თუ ქართველ ჯარისკაცებს და მათ ისე ისტუმრებს. 

ახალგაზრდა გოგონაც ძალიან საინტერესო პერსონაჟია, ის მომავლის სიმბოლოა, მშრომელი, მებრძოლი, რომელიც იოლად არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის მოსავლის გადასარჩენად, გადაარჩენს კიდეც, ეს გოგონა იმედია.

 ფილმი აფხაზეთის ომზეა და ბევრი საინტერესო, მოზომილი მესიჯია სხვადასხვა სახით წარმოდგენილი, რასაც დაფიქრება და ამოკითხვა სჭირდება.


https://www.youtube.com/watch?v=C3hr7pTjYLk


0 comments: